Home Blog გვერდი 119

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოების ბოლო ეტაპი დაიწყო

0

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოების ბოლო ეტაპი დაიწყო.

ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანის სამუშაოები, რომლის შემდეგადაც დაიწყება ასფალტის საფარის ზედა ფენებში მოწყობა. საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე, სავარაუდოდ, 20 ივნისისთვის დასრულდება.

სარეაბილიტაციო არეალი 2.5 კილომეტრს მოიცავს. ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს. მოეწყო ბორდიური, ტროტუარი მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე ეწყობა ველობილიკიც.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შშმ პირთათვის გამზირის სრული ადაპტირება ხდება. გარე განათების ქსელი სრულად შეიცვალა, ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ განთავსდა. ასევე, დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.

ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობის მეორე ფაზა დასრულდა

ქუთაისის ისტორიაში პირველად ქალაქი 24სთ-იანი წყალმომარაგებით სარგებლობს.

ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობის მეორე ფაზა დასრულდა. 150 ათასი მცხოვრები 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს.

პროექტის ფარგლებში, აშენდა გოდოგანზე 2 და მუხრანში 1 რეზერვუარი. ქვიტირში, მუხნარში, საქუსლიას დასახლებაში სატუმბი სადგური მოეწყო. გაკეთდა 18-კილომეტრიანი წყლის მაგისტრალური მილსადენი. მოეწყო 220 კმ-მდე შიდა გამანაწილებელი ქსელი. მილსადენის გადასაკვეთად აშენდა ახალი ხიდი. გამრიცხველიანდა 30 ათასი აბონენტი

პროექტი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით განახორციელა, სამუშაოებს 82 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა

ქალაქ ხობში რიგით 77-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

ხობში რიგით 77-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.

ხობის საზოგადოებრივი ცენტრი სამეგრელოს რეგიონში რიგით მერვეა. ცენტრები უკვე ფუნქციონირებენ ორსანტიაში, რუხში, ჯვარში, ჯგალში, ჭალადიდში, აბაშასა და ლესიჭინეში.

საზოგადოებრივი ცენტრი ხობისა და მიმდებარე სოფლების – ხამისკურის, ხეთას, ზემო და ქვემო ქვალონის, ბიას, ახალი და ძველი ხიბულას, საჯიჯაოს, გურუფულის, პირველი ხორგასა და სხვა დასახლებების – 31 000-ზე მეტ მცხოვრებს მოემსახურება.

საზოგადოებრივი ცენტრის ახალი შენობა ხობში ცოტნე დადიანის ქუჩაზე აშენდა. თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობას აქვს შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსი.

5 ივნისიდან ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში სწრაფად, ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვ.

ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა.

ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი.

როგორც სხვა საზოგადოებრივ ცენტრებში, ხობის ცენტრშიც განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები. მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით ისარგებლოს.

სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსით საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა მიმდინარე წელს კვლავ გაგრძელდება.

საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

მარნეულში წყალმომარაგების და წყალარანიების სისტემების მშენებლობა მიმდინარეობს

0

მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების და წყალარანიების სისტემების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, შენდება წყლისა და წყალარინების სრულიად ახალი, თანამერდოვე სისტემები – სატუმბი სადგურები და რეზერვუარები, ეწყობა მაგისტრალური მილი, შიდა ქსელები და ახალი საკანალიზაციო კოლექტორი.

პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ მარნეულისა და მუნიციპალიტეტის 5 სოფლის – წერეთელი, საიმერლო, ყიზილაჯლო, დიდი და პატარა ბეგლარი – საერთო ჯამში 30 ათასზე მეტი ბენეფიციარი სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ხოლო წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს 40 ათასამდე მაცხოვრებელი ისარგებლებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების და წყალარანიების სისტემების მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

ყვარელსა და გურჯაანში საგზო უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი ინფრასტრუქტურა მოეწყო

0

საგზო უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი ინფრასტრუქტურა ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 მონაკვეთზე მოეწყო.

კერძოდ, მოეწყო: თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და ყვარელი-ყვარლის ტბის, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის და ყვარელი-მუკუზანის, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და ყვარელი-მუკუზანის და თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და თელავი შაქრიანის გზების შერწყმისა და განშტოების ადგილებზე.

მოეწო წრიული მოძრაობები, უსაფრთხოების კუნძულები, საგზაო ნიშნები, საგზაო მონიშვნები, ბოძკინტები, მოციმციმე შუქურები, ვიბრო ხმაურიანი ზოლები, გარე განათების ქსელი და სრულად განახლდა ასფალტ-ბეტონის საფარი.

პროექტი საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით დაგეგმილი მიზნების და ღონისძიებების შესრულების ფარგლებში განხორციელდა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2 110 000 ლარი შეადგინა.

მეწარმეების ხელშეწყობისთვის პროგრამაში „აწარმოე საქართველოში” ცვლილებები შევიდა

0

მეწარმეებისთვის ხელშეწყობის გაძლიერებისთვის პროგრამაში „აწარმოე საქართველოში” ცვლილებები შევიდა.

პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, სესხის და ლიზინგის სუბსიდირების პროგრამის საქმიანობის სახეობები გაიზარდა და შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები.

პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილი სასესხო ლიმიტი 50,000 ლარამდე შემცირდა, ხოლო მაქსიმალური მოცულობა 10 მლნ ლარამდე გაიზარდა.

გაიზარდა საქმიანობების სახეობები: პლასტმასის, სამშენებლო მასალების, მინერალური წყლების წარმოება და ლაბორატორიები.

თანადაფინანსების თვეების რაოდენობა, 24-დან 36 თვემდე გაიზარდა.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შეიცვალა თანამონაწილეობის პროცენტიც – რეფინანსირების განაკვეთს + 3%, ხოლო ლიზინგის საგნის გაცემის მომენტში რეფინანსირების განაკვეთს + 5%.

იცვლება საკრედიტო საგარანტიო სქემის მასშტაბიც.

პროგრამის ბიუჯეტი 20-დან 300 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რომლის მეშვეობითაც 2.1 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფა მოხდება.

პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო გარანტიის გაცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 70%-ის ნაცვლად, 90%-ის ოდენობით მოხდება.

ამასთანავე, 30%-ის უზრუნველყოფას განახორციელებს სახელმწიფო რესტრუქტურიზირებული სესხის შემთხვევაში.

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტს შეეძლება არანაკლებ 50 ათასი და არაუმეტეს 5 მილიონ ლარის მოცულობის სესხის აღება.

აღსანიშნავია, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამის ცვლილებები.

ბიუჯეტი 10-დან 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და რეგიონების განვითარებაზე ორიენტირებულ საგრანტო პროგრამის გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა.

პრიორიტეტი ენიჭებათ ქალ მეწარმეს, შშმ პირს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს.

პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა კი 20%-ის ნაცვლად 10%-ია.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს ემატება თბილისი.

დასავლეთ საქართველოში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის სამშენებლო პროცესი გრძელდება

დასავლეთ საქართველოში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის სამშენებლო პროცესი გრძელდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საფეხბურთო აკადემია შენდება. სოფელი რუხი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და იქ ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის საფუძვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია 2019 წლის მაისში გაიმართა.

აკადემიაში ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა, აშენდება გასახდელები, ტრიბუნები და ფეხბურთელთა საცხოვრებელი კომპლექსი. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას სფფ-ის აკადემიის გუნდებთან ერთად სხვა საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ.

ფეხბურთის ფედერაციის კიდევ ერთი პროექტი ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ხორციელდება, სადაც მოეწყობა ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი, განათებით, ტრიბუნით და ადმინისტრაციული შენობით. მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და დასრულდება მიმდინარე წლის ზაფხულში. პროექტი სფფ-ის და უეფას დაფინანსებით მიმდინარეობს. ამასთან, უახლოეს მომავალში დაიწყება 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის მშენებლობა. ფოთის საფეხბურთო სკოლა შშმ პირებისთვის სრულად იქნება ადაპტირებული.

საფეხბურთო აკადემია შენდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურშიც, სადაც მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი, განათებით. მშენებლობის დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის შემოდგომაზე. აკადემიის გუნდებთან ერთად, საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები ისარგებლებენ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში შიდასასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

ლენტეხის მუნიციპალიტეტის 24 სოფელში შიდასასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ჟახუნდერის, ჩიხარეშის, ლენტეხის და ჩოლურის თემში შიდასასოფლო გზებზე, პარალელურად ეწყობა სანიაღვრე არხები.

პროექტები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ჯამური ღირებულება 1 210 000 ლარს შეადგენს.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში შიდასასოფლო გზების რეაბილიტაციის, სანიაღვრე არხების მოწყობის და ხიდების რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

ზესტაფონში, ცაგერსა და ლაგოდეხში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია იწყება

0

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის, ცაგერისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციას იწყებს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ ზესტაფონის დავით აღმაშენებლის ქუჩას, კვალითის დასახლებაში მაღლაკელიძის, შათირიშვილის და მელქაძის ქუჩებს, ასევე სოფელ ტყლაპი-ვაკემდე მისასვლელ საავტომობილო გზას. მოწესრიგდება გარე განათებაც, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ტროტუარები და სანიაღვრე არხები.

ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩქუმსა და სოფელ ქულბაქამდე მისასვლელ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საყრდენი კედელი, ახალი ხიდბოგირი, წყალამრიდი მილები და გაბიონები.

შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, სადაც მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, ეზოში შესასვლელები და წყალამრიდი მილები.

ფოთში ჯანდაცვის ორი ახალი პროგრამა ამოქმედდა

0

მიმდინარე წლიდან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ფოთში ჯანდაცვის ორი ახალი პროგრამა ამოქმედდა.

პირველი არის დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევა. პროგრამის ფარგლებში, ხორციელდება დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევის მომსახურება ჯანსაღი მომავალი თაობის უზრუნველსაყოფად.

პროგრამა ითვალისწინებს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევას, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში გავრცელებული პათოლოგიების, კერძოდ: თვალისა და ხერხემლის (სქოლიოზის) პათოლოგიების პრევენციის მიზნით.

მეორე პროგრამა გულისხმობს ონკოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევასა და პრევენციას.

პროგრამის ფარგლებში, ხორციელდება ონკოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევა და პრევენციის მომსახურება ონკოდაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის, კეთილსაიმედო პროგნოზის უზრუნველსაყოფად.

ქვეპროგრამის მიზანია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გინეკოლოგიურ დაავადებათა და ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა და პრევენცია.

პროგრამით გათვალისწინებულია:
ა) გინეკოლოგიურ დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პრევენცია;
ბ) ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის მიზნით სოციალურად დაუცველი ქალებისთვის (70 000-მდე სარეიტინგო ქულა) მამოლოგის კონსულტაცია და სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია.

აღნიშნული პროგრამით მოქალაქეს შუძლია ისარგებლოს წელიწადში ერთხელ. პაციენტები გამოკვლევების ჩასატარებლად განცხადების გარეშე პირდაპირ მიმართავენ პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებას.