დასავლეთ საქართველოში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის სამშენებლო პროცესი გრძელდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საფეხბურთო აკადემია შენდება. სოფელი რუხი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და იქ ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის საფუძვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია 2019 წლის მაისში გაიმართა.
აკადემიაში ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა, აშენდება გასახდელები, ტრიბუნები და ფეხბურთელთა საცხოვრებელი კომპლექსი. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას სფფ-ის აკადემიის გუნდებთან ერთად სხვა საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ.
ფეხბურთის ფედერაციის კიდევ ერთი პროექტი ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ხორციელდება, სადაც მოეწყობა ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი, განათებით, ტრიბუნით და ადმინისტრაციული შენობით. მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და დასრულდება მიმდინარე წლის ზაფხულში. პროექტი სფფ-ის და უეფას დაფინანსებით მიმდინარეობს. ამასთან, უახლოეს მომავალში დაიწყება 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის მშენებლობა. ფოთის საფეხბურთო სკოლა შშმ პირებისთვის სრულად იქნება ადაპტირებული.
საფეხბურთო აკადემია შენდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურშიც, სადაც მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი, განათებით. მშენებლობის დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის შემოდგომაზე. აკადემიის გუნდებთან ერთად, საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები ისარგებლებენ.