ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოების ბოლო ეტაპი დაიწყო.
ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანის სამუშაოები, რომლის შემდეგადაც დაიწყება ასფალტის საფარის ზედა ფენებში მოწყობა. საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე, სავარაუდოდ, 20 ივნისისთვის დასრულდება.
სარეაბილიტაციო არეალი 2.5 კილომეტრს მოიცავს. ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს. მოეწყო ბორდიური, ტროტუარი მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე ეწყობა ველობილიკიც.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შშმ პირთათვის გამზირის სრული ადაპტირება ხდება. გარე განათების ქსელი სრულად შეიცვალა, ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ განთავსდა. ასევე, დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.