მიმდინარე წლიდან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ფოთში ჯანდაცვის ორი ახალი პროგრამა ამოქმედდა.
პირველი არის დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევა. პროგრამის ფარგლებში, ხორციელდება დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევის მომსახურება ჯანსაღი მომავალი თაობის უზრუნველსაყოფად.
პროგრამა ითვალისწინებს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევას, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში გავრცელებული პათოლოგიების, კერძოდ: თვალისა და ხერხემლის (სქოლიოზის) პათოლოგიების პრევენციის მიზნით.
მეორე პროგრამა გულისხმობს ონკოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევასა და პრევენციას.
პროგრამის ფარგლებში, ხორციელდება ონკოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევა და პრევენციის მომსახურება ონკოდაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის, კეთილსაიმედო პროგნოზის უზრუნველსაყოფად.
ქვეპროგრამის მიზანია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გინეკოლოგიურ დაავადებათა და ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა და პრევენცია.
პროგრამით გათვალისწინებულია:
ა) გინეკოლოგიურ დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პრევენცია;
ბ) ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის მიზნით სოციალურად დაუცველი ქალებისთვის (70 000-მდე სარეიტინგო ქულა) მამოლოგის კონსულტაცია და სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია.
აღნიშნული პროგრამით მოქალაქეს შუძლია ისარგებლოს წელიწადში ერთხელ. პაციენტები გამოკვლევების ჩასატარებლად განცხადების გარეშე პირდაპირ მიმართავენ პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებას.