Home Blog

კახეთის 4 ზოლიანი მაგისტრალური გზის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა

კახეთის 4 ზოლიანი მაგისტრალური გზის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა.

მაგისტრალური გზა სრულ შესაბამისობაშია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებთან და უზრუნველყოფილია განათების სისტემით.

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი საერთაშორისო მაგისტრალური გზა თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი საგზაო ქსელის და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ნაწილია, რომელზეც საერთაშორისო საავტომობილო მოძრაობა მკვეთრად მზარდია.

ახალი 4 ზოლიანი მაგისტრალი გვერდს უვლის და სრულად განტვირთავს მოძრაობას 4 ძირითად მჭიდროდ დასახლებულ სოფელსა და ქალაქში: ვაზიანში, სართიჭალაში, ნინოწმინდასა და საგარეჯოში, რასაც ამ დასახლებების შემდგომი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება.

2024 წელს მთელი კახეთის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ღირებულებამ მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა.

1200 სამხედროსთვის 43 ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომა მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის ახალი სასწავლო წლის მილოცვით დაიწყო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წარმატებული სწავლა არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ყველაზე მყარი საფუძველი.

„მოსწავლეებსა და სტუდენტებს მინდა, მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებით მივულოცავ პირველკლასელებს და პირველკურსელებს. ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება მათ ცხოვრებაში და მინდა, ყველას ვუსურვო წარმატებები. წარმატებული სწავლა არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ყველაზე მყარი საფუძველი. აქედან გამომდინარე, ყველას ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებებს სწავლაში. ასევე, პედაგოგებს მინდა, მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და აღნიშნა, რომ სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.

„აქტიურად ვმუშაობთ სასკოლო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით. სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. წლის ბოლომდე დასრულდება 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. შედეგად 28 ათასზე მეტი მოსწავლე სწავლას განახლებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სკოლებში განაგრძობს. ასევე შემოდგომაზე დაიწყება პროცედურები 15 საჯარო სკოლის მშენებლობის და 23 სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის და გათვალისწინებულია ყველა შესაბამისი სკოლის აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ამ მიმართულებით მომავალშიც აქტიურად ვიზრუნებთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა მერაბ დვალიშვილს UFC-ის ჩემპიონობა მიულოცა.
„მინდა მივულოცო მერაბ დვალიშვილს უდიდესი წარმატება. ყველა თვალყურს ვადევნებდით ამ მნიშვნელოვან გამოსვლას, რასაც მთელი საქართველო ძალიან დიდი ინტერესით ელოდა. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მეორე წელია, ქართველი იგებს UFC-ს, რაც არის უნიკალური მიღწევა და ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ სპორტულ ტალანტსა და ქართველების ნიჭზე მეტყველებს. მერაბს ამ წარმატებამდე ძალიან რთული გზა აქვს გავლილი და მისთვის ეს გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია. ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ივლისში 13%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება კი საუკეთესო გზაა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისკენ.
„ჩვენ გვქონდა ივლისში 13%-იანი ეკონომიკური ზრდა, შესაბამისად, 7 თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 9.7%. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში, რეგიონის ქვეყნებს შორის. ჩვენთვის მთავარი არის სწორედ ამ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რაც ბუნებრივია, საუკეთესო გზაა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისკენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად აამაღლებს კეთილდღეობის ხარისხს ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მასშტაბურ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც, აშენდება 43 კორპუსი და ბინები 1 200 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა.

„ეს არის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ჩვენი უდიდესი პატივისცემის გამოხატულება. ასეთი ინიციატივები გააუმჯობესებს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახების სოციალურ პირობებს, გაზრდის სამხედრო სამსახურში ჩართვის სურვილს და გააძლიერებს ქართულ ჯარს”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო პროექტის ახალი ეტაპის დასაწყებად სწრაფი რეაგირებისა და გეგმის წარდგენისთვის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა.

„თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეები კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან, რომლის დასაფარად უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს. ბინები განაწილდება სულადობის პრინციპის შესაბამისად, სამხედროები 50, 80 და 110 კვ.მ. ბინებს მიიღებენ. მომავალშიც გაგრძელდება ეს პროექტი, ამას უზრუნველყოფს ჩვენი ახალი თავდაცვის კოდექსი. ბუნებრივია, ასეთი ინიციატივები გააუმჯობესებს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახების სოციალურ პირობებს, აამაღლებს სამხედროების მოტივაციას და გაზრდის სამხედრო სამსახურში ჩართვის სურვილს, ზოგადად კი ეს ყველაფერი გააძლიერებს ქართულ ჯარს, რაც ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია”, – განაცხადა პრემიერმა

ტყიბულში 350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

0

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრესილის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა, რეაბილიტაციის შედეგად, სკოლაში შესაძლებელი იქნება 350 მოსწავლის მიღება.
სკოლის შენობაში განახლდა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, დამონტაჟდება ლიფტი, გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. მოეწყო შიდა და გარე სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

თელავის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა და ბაღმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო.
საბავშვო ბაღებში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები,საპირფარეშოები და სხვა აუცილებელი სივრცეები.
ბაღის შენობა აღიჭურვა ყველა აუცილებელი კომუნიკაციით,კეთილოეწყო და გამწვანდა ეზოს ტერიტორია.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
ახალი საბავშვო ბაღი აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე,საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი შენობითა და შესაბამისი მომსახურებით ისარგებლებენ.

ჩოხატაურის ბახმაროსთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

გურიაში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაურის ბახმაროსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 18 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.

კურორტ ბახმარომდე მისასვლელ საავტომობილო გზაზე მოეწყო ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი და ხელოვნური ნაგებობები – წყალგამტარი ლითონის მილები, რკინაბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლები და სხვა.

საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, გზა შემოიფარგლა ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარებით, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი, მოეწყო საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

სარეაბილიტაციო მონაკვეთებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა. შემცირდა მგზავრობის დროც.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19.2 მილიონი ლარით დაფინანსდა.

უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

2024 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით, უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად – 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7 პროცენტი შეადგინა. 2024 წლის პირველ კვარტალშიც უმუშევრობის დონე წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით ასევე მნიშვნელოვნად – 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 % შეადგინა.

ამასთან, 2024 წლის პირველ და მეორე კვარტალში შესაბამისი კვარტლების
ჭრილში დასაქმებულთა რეკორდული ოდენობა დაფიქსირდა. მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 60.5 ათასით გაიზარდა და მილიონ 388 ათასი შეადგინა. უმუშევართა რაოდენობა კი 47.2 ათასით შემცირდა და 219.7 ათასს გაუტოლდა.

დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 19.1 ათასით გაიზარდა და 935.8 ათასს გაუტოლდა, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41.3 ათასით გაიზარდა და 451.5 ათასი შეადგინა.

ბაკურციხე-წნორის ახალი 18კმ-იანი გზა გაიხსნა

ბაკურციხე-წნორის ახალი 18 კმ-იანი მაგისტრალური გზა გაიხსნა;
პროექტის ფარგლებში აშენდა 18 კმ-იანი ასფალტ-ბეტონის 2-ზოლიანი მაგისტრალური გზა, 6 ხიდითა და გარე განათების სისტემით, სადაც, საქართველოში პირველად, გამოყენებულია ენერგოეფექტური მზის პანელები;
ბაკურციხე-წნორის ახალი მაგისტრალური გზა სამჯერ ამცირებს გადაადგილების დროს და 2.5-ჯერ ზრდის ავტოტრანსპორტის გამტარობას
ახალი გზა გვერდს უვლის ქალაქ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს: ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგას, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს.

ზესტაფონის შემოვლითი გზა გაიხსნა

ზესტაფონის შემოვლითი გზა გაიხსნა, რის შედეგადაც, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი.

ზესტაფონის შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება.
9 კმ-იანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა მოიცავს 4 გვირაბს და 11 ხიდს.

მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შენდება 52 კმ-მდე გზა, რომელიც მოიცავს 97 ხიდსა და 51 გვირაბს. ამ დროისათვის,ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია 36 კმ გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი.

თებერვალში ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა

ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე მაღალი ეკონომიკური ზრდით აღინიშნა, ეს არის 9,5% და ჩვენ იმედი გაქვს, რომ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „საქსტატის“ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ-ის ზრდამ 9.5% შეადგინა.

როგორც პრემიერი განმარტავს, მთავრობის ერთ-ერთ გამოწვევად ისევ სიღარიბე რჩება, შესაბამისად, მათი მთავარი ამოცანა, ამ გამოწვევის მოგვარებაა.
„გარდა ამისა, მთელი რიგი ზომები იქნა მიღებული, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ეკონომიკური ზრდა, ეროვნულმა ბანკმა ამ კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, მათ შორის, რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის ტემპი, ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა 2021-2022-ში, შარშან გვქონდა 7,5%, ახლა თებერვალში 9,5% გვაქვს, საბოლოო ჯამში იმედი გაქვს, რომ წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელზე უკეთესი იქნება, ეს არის მთავარი იმისათვის, რომ ქვეყანამ ყველა მიმართულებით წინ წაიწიოს. ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი, თუნდაც საგარეო პოლიტიკური პოზიციები გაძლიერდეს, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სიღარიბეა, მოსახლეობის დაახლოებით, 15% ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, სწორედ ეკონომიკურ ზრდაზეა დამოკიდებული ამ მაჩვენებლის განულება, რაც ჩვენი ეროვნული ამოცანაა. დარწმუნებული ვარ, ამ წლის ბოლოს, იგივე სიღარიბის შემცირების კუთხით, ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, სერიოზული წინსვლა გვექნება“, – განაცხადა კობახიძემ.

150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება

მთავრობის ადმინისტრაცია

150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის” გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან.
„მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღსრულების ნაწილსა და კონკრეტულ დეტალებზე „ლიბერთი ბანკი” ეროვნულ ბანკთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.
საკითხის განხილვისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია დროულად დაიწყოს შემდეგი ეტაპი და პენსიონერებმა განახლებული პირობებით შეძლონ სარგებლობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.