Home Blog გვერდი 95

ჭიათურაში საბაგირო გზების 4 მიმართულებიდან 2-ის მონტაჟი და ტესტირება დასრულდა

ჭიათურაში საბაგირო გზების 4 მიმართულებიდან 2-ის მონტაჟი და ტესტირება დასრულდა.

ამ დროისთვის დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, ოთხი მიმართულებით ბაგირის მონტაჟი და საბაგიროს გზის ორი მიმართულების – ლეჟუბანისა და სანატორიუმის ტესტირება.

დასრულების ფაზაშია დანარჩენი ორი მიმართულების ელექტრო გამართვა, რის შემდეგაც დაიწყება ამ მიმართულებების ტესტირების პროცესიც.

პროექტში ჩართულები არიან ფრანგული კომპანიების ,,ტექკაბელის“ და ,,პომას“ სპეციალისტები, ხოლო რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება უზრუნველყო ფრანგულმა კომპანია Pomagalski-მ.

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს და საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით განახორციელა და მისი საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარს აღემატება.

თელავს 8.5-მეტრიანი 5 ავტობუსი გადაეცა

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავს 8.5-მეტრიანი 5 ავტობუსი გადაეცა.

თელავს აქამდე არ გააჩნდა მუნიციპალური ტრანსპორტი. ახალი ავტობუსები გათვლილია 50 მგზავრზე და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისათვის შერჩეულია საქართველოს 6 ქალაქი. 175 ერთეული ავტობუსიდან თელავსა და ფოთს გადაეცემა 10-10 ავტობუსი, გორს-30, ზუგდიდს-25, რუსთავს-40, ხოლო ქუთაისს-60 ერთეული ავტობუსი.

პროგრამას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში, 18.7 მილიონ ევროს ღირებულების თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას.

ავტობუსები სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მომდევნო წლის გაზაფხულამდე ეტაპობრივად გადაეცემა.

ახალი ავტობუსების მარშრუტებსა და სატრანსპორტო დერეფნებს მუნიციპალიტეტები განსაზღვრავენ.

ანაკლიაში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

ანაკლიაში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა.

ანაკლიას ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება. სამსართულიანი შენობის არქიტექტურა სრულად აკმაყოფილებს რეგიონის მოთხოვნილებებს და მასში ინტეგრირებულია როგორც სახანძრო-სამაშველო, ასევე, წყალზე სამაშველო ფუნქციები. აღნიშნულ განყოფილებაში იმუშავებს 30 მეხანძრე-მაშველი, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი.

ამ დრომდე ანაკლიაში სახანძრო-სამაშველო დანაყოფი არ იყო. შენობის გახსნასთან ერთად შეიქმნა და ამოქმედდება ახალი სახანძრო-სამაშველო განყოფილება, რაც გაზრდის სტიქიაზე რეაგირების ეფექტიანობას.

ანაკლიაში, ასევე, განთავსდება მყვინთავთა ჯგუფი. 2020 წლის სექტემბერში ჩატარებული რეფორმის შედეგად შეიქმნა მყვინთავთა დასავლეთ საქართველოს განყოფილება, რამაც შესაძლებელი გახადა ანაკლიაში მყვინთავ მაშველთა დანაყოფის ჩამოყალიბება. ამავე რეფორმის ფარგლებში, მყვინთავების ანაზღაურება 100%-ით გაიზარდა.

ახალ შენობაში თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო, სასწავლო და საძინებელი ოთახები, ასევე, სპორტული დარბაზი და სამზარეულო. შენობაში გათვალისწინებულია სპეციალური სადგომი ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ავტომანქანისთვის.

2012–2020 წლებში აშენდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობები: ამბროლაურში, ყაზბეგში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, სიღნაღსა და ბორჯომში. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და სრულდება: ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, მარტვილში, ჩოხატაურსა და აბასთუმანში.

სენაკში, მეორე ქვეით ბრიგადაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია

სენაკში, მეორე ქვეით ბრიგადაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. უკვე დასრულებულია მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიისა და საცხოვრებელი კორპუსების პერიმეტრის შემოღობვა, ასევე, ყაზარმების ფასადებისა და სახურავების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.

ამ ეტაპზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად 6 ყაზარმა რემონტდება, რაც გულისხმობს ახალი საპირფარეშოების, საშხაპეების, პირსაბანების და სამრეცხაოების მოწყობასა და სრულად აღჭურვას, ასევე, კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების მოწყობას, ოთახებში იატაკების, კედლებისა და ჭერის განახლებას, განათებისა და კავშირგაბმულობის სისტემების, კანალიზაციისა და სხვა საინჟინრო ქსელების რეაბილიტაციას და ფასადების რემონტს. ამავე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბრიგადის შტაბის შენობის სარემონტო სამუშაოები და 2 სტადიონის მოწყობა.

მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები თავდაცვის ძალებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე წლის ბოლომდე დასრულდება და სამხედროები სამსახურს ნატოს სტანდარტების თანამედროვე გარემოში განაგრძობენ.

ბათუმში UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა

0

ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი, UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა.

სამუშაო პროცესში, ჯამში, 500 ადამიანი დასაქმდა. სტადიონის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 141 მლნ ლარით დაფინანსდა.

საფეხბურთო სტადიონი ქართული ცეკვა ხორუმის მოტივებზე აშენდა. ფასადის მწყობრად ჩალაგებული ფიგურები მოცეკვავეების მოძრაობებს ასახავს. სტადიონის ფასადზე თანამედროვე განათების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც შესაბამისი მატჩის მიხედვით, სხვადასხვა ფერით განათდება.

ბათუმის სტადიონი აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. საფეხბურთო სტადიონი გარდა სპორტული აქტივობებისა, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებასაც უმასპინძლებს.

ფოთში საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა

ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ოფიციალურად გაიხსნა. თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილისაზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი 1000 სტუდენტზეა გათვლილი. ცენტრში თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი 10 ლაბორატორია მოეწყო.

სასწავლებელში 250-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდება. ამასთან, ცენტრს უკვე ჰყავს 21 თანამშრომელი.

საზღვაო სასწავლებელი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტებს 2021 წლიდან მიიღებს, მიმდინარე წელს კი, მსურველები შეძლებენ, მოკლევადიან სასწავლო კურსების გავლას. ცენტრს გააჩნია მეზღვაურთა მაღალკვალიფიციური რიგითი და დამხმარე შემადგენლობის წვრთნის პირობები, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს პასუხობს.

მეთევზე-მეზღვაურთა ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე მეთევზის სიმულატორით, რომელიც ყველა კომპეტენციის შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობას იძლევა. სასწავლებელი მოამზადებს კვალიფიციურ მეთევზე მეზღვაურებს, რომლებიც თანამედროვე თევზსაჭერ გემებზე შეძლებენ დასაქმებას.

კომპანია „APM ტერმინალსის” მხარდაჭერით, სასწავლებელს ექნება ამწის სიმულატორი, რომლის ანალოგი დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს. ცენტრი მოამზადებს ამწის მაღალკვალიფიციურ ოპერატორებს, რაც ერთ-ერთი მოთხოვნადი სპეციალობაა პორტებში.

ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის პარტნიორი და მხარდამჭერია „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) პროგრამა, რომელსაც საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის შესაბამისი სამინისტროები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს სახელით.

საზღვაო სასწავლებლისათვის გამოყოფილი ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, ფაქტობრივად, დანგრევის პირას იყო. შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მაქსიმალურად დაუბრუნდა პირვანდელი სახე.

წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა გაიხსნა

წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა გაიხსნა. შენობა 65 თანამშრომელზე არის გათვლილი და მასში გამომძიებლებისა და დეტექტივების სამუშაო სივრცის გარდა განთავსებულია დასაკითხი/ამოსაცნობი, საიარაღო და ნივთმტკიცების ოთახები. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, პოლიციელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და მოქალაქეებისთვის ეფექტიანი საპოლიციო მომსახურების მიზნით, ბოლო წლებში საქართველოს მასშტაბით უწყების დანაყოფებისთვის 70-მდე ახალი შენობა აშენდა.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია აქტიურ ფაზაშია

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროექტი ორ 25-კილომეტრიან მონაკვეთადაა დაყოფილი. ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს.

გზის რეაბილიტაცია მოიცავს ასფალტის საფარის მოწყობას, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.

საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს. ადგილობრივ მოსახლეობას ამ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია, აწუხებს.

გზის რეაბილიტაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 23 000-მდე და გზის მიმდებარედ განლაგებულ 13 სოფელში მცხოვრებ 7 000-მდე ადამიანს გადაადგილების პირობები გაუუმჯობესდება და უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების საშუალება ექნებათ.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ჯამური ღირებულება 105 მილიონი ლარია.

დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

0

თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

პროექტის ფარგლებში, კეთილმოეწყო ტერიტორია. კერძოდ, ზედა და ქვედა ეზოები მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, მოეწყო ბორდიურები, ასევე, სანიაღვრე არხები ლითონის ცხაურებითა და ჭებით. გამწვანდა ეზოსა და ციხის ტერასების გაზონები რულონური ბალახით და სხვადასხვა ხე-მცენარით, ასევე, მოეწყო სარწყავი სისტემა. დამონტაჟდა ლამპიონები, რესტავრაცია ჩაუტარდა ლითონის ჭიშკარს და მოაჯირებს.

აღდგა ერეკლეს აბანო. ნაგებობა გაიწმინდა წლების განმავლობაში დაგროვილი დანალექი მიწისა და სარეველა მცენარეებისაგან, დაზიანებულ შენობას ჩაუტარდა კონსტრუქციული გამაგრება; აღდგა აბანოს არქიტექტურული იერ-სახე, აგურის წყობის კამარების რესტავრაციით, ჰიდროსაიზოლაციო ფენილის მოწყობით, შესასვლელი ხის კარის დამზადება-მონტაჟით და აგურის იატაკის დაგებით.

განხორციელდა კომპლექსის გალავნის სარესტავრაციო სამუშაოები. გალავნის რესტავრაცია შესრულდა აგურის წყობის ღარების შევსებით და ქართული აგურის წყობით კირის დუღაბზე; კედლების დაზიანებული ადგილები აღდგა ქვით და ქართული აგურით კირხსნარზე; გალავანი გაიწმინდა ნაგვისა და მცენარეებისგან; გადალაგდა გალავნის კედლებზე გამავალი საკანალიზაციო მილები; საძირკვლები გაძლიერდა ყორე-ბეტონით, მიწისქვეშა წყლების გასატარებლად მოეწყო სადრენაჟო მილები; გალავნის კედლებსა და ბურჯებზე დამონტაჟდა მინათების სისტემა.

დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საძირკვლის გამაგრებისა და სადრენაჟე სისტემის გასაკეთებლად მოწყობილ ღრმა ჭრილში გამოვლინდა არქეოლოგიური ნაშთები, მათ შორის, გალავნის ფრაგმენტები, რომელიც არქეოლოგების მიერ შესაბამისი წესების დაცვით გაიწმინდა და შენარჩუნდა.

პროექტის ფარგლებში შესრულდა ფერისცვალების დედათა მონასტრის XVIII საუკუნის ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები.

სარესტავრაციო სამუშაოები შესრულდა სამშენებლო კომპანიის – „იკორთა 2007“ მიერ. პროექტის ბიუჯეტმა 1 147 000 ლარი შეადგინა.

გორში ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე პარკი მოეწყობა

გორში ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე პარკი მოეწყობა.

ინიციატივის ავტორი ბიძინა ივანიშვილია, ტერიტორია კი გორის მუნიციპალიტეტს ფონდმა „ქართუმ“ საჩუქრად გადასცა. პარკის მოწყობის სამუშაოებს ფონდი სრულად დააფინანსებს.

ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალგაზრდობის ცენტრიც აშენდება.