ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ოფიციალურად გაიხსნა. თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილისაზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი 1000 სტუდენტზეა გათვლილი. ცენტრში თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი 10 ლაბორატორია მოეწყო.
სასწავლებელში 250-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდება. ამასთან, ცენტრს უკვე ჰყავს 21 თანამშრომელი.
საზღვაო სასწავლებელი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტებს 2021 წლიდან მიიღებს, მიმდინარე წელს კი, მსურველები შეძლებენ, მოკლევადიან სასწავლო კურსების გავლას. ცენტრს გააჩნია მეზღვაურთა მაღალკვალიფიციური რიგითი და დამხმარე შემადგენლობის წვრთნის პირობები, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს პასუხობს.
მეთევზე-მეზღვაურთა ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე მეთევზის სიმულატორით, რომელიც ყველა კომპეტენციის შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობას იძლევა. სასწავლებელი მოამზადებს კვალიფიციურ მეთევზე მეზღვაურებს, რომლებიც თანამედროვე თევზსაჭერ გემებზე შეძლებენ დასაქმებას.
კომპანია „APM ტერმინალსის” მხარდაჭერით, სასწავლებელს ექნება ამწის სიმულატორი, რომლის ანალოგი დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს. ცენტრი მოამზადებს ამწის მაღალკვალიფიციურ ოპერატორებს, რაც ერთ-ერთი მოთხოვნადი სპეციალობაა პორტებში.
ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის პარტნიორი და მხარდამჭერია „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) პროგრამა, რომელსაც საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის შესაბამისი სამინისტროები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს სახელით.
საზღვაო სასწავლებლისათვის გამოყოფილი ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, ფაქტობრივად, დანგრევის პირას იყო. შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მაქსიმალურად დაუბრუნდა პირვანდელი სახე.