თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
პროექტის ფარგლებში, კეთილმოეწყო ტერიტორია. კერძოდ, ზედა და ქვედა ეზოები მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, მოეწყო ბორდიურები, ასევე, სანიაღვრე არხები ლითონის ცხაურებითა და ჭებით. გამწვანდა ეზოსა და ციხის ტერასების გაზონები რულონური ბალახით და სხვადასხვა ხე-მცენარით, ასევე, მოეწყო სარწყავი სისტემა. დამონტაჟდა ლამპიონები, რესტავრაცია ჩაუტარდა ლითონის ჭიშკარს და მოაჯირებს.
აღდგა ერეკლეს აბანო. ნაგებობა გაიწმინდა წლების განმავლობაში დაგროვილი დანალექი მიწისა და სარეველა მცენარეებისაგან, დაზიანებულ შენობას ჩაუტარდა კონსტრუქციული გამაგრება; აღდგა აბანოს არქიტექტურული იერ-სახე, აგურის წყობის კამარების რესტავრაციით, ჰიდროსაიზოლაციო ფენილის მოწყობით, შესასვლელი ხის კარის დამზადება-მონტაჟით და აგურის იატაკის დაგებით.
განხორციელდა კომპლექსის გალავნის სარესტავრაციო სამუშაოები. გალავნის რესტავრაცია შესრულდა აგურის წყობის ღარების შევსებით და ქართული აგურის წყობით კირის დუღაბზე; კედლების დაზიანებული ადგილები აღდგა ქვით და ქართული აგურით კირხსნარზე; გალავანი გაიწმინდა ნაგვისა და მცენარეებისგან; გადალაგდა გალავნის კედლებზე გამავალი საკანალიზაციო მილები; საძირკვლები გაძლიერდა ყორე-ბეტონით, მიწისქვეშა წყლების გასატარებლად მოეწყო სადრენაჟო მილები; გალავნის კედლებსა და ბურჯებზე დამონტაჟდა მინათების სისტემა.
დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საძირკვლის გამაგრებისა და სადრენაჟე სისტემის გასაკეთებლად მოწყობილ ღრმა ჭრილში გამოვლინდა არქეოლოგიური ნაშთები, მათ შორის, გალავნის ფრაგმენტები, რომელიც არქეოლოგების მიერ შესაბამისი წესების დაცვით გაიწმინდა და შენარჩუნდა.
პროექტის ფარგლებში შესრულდა ფერისცვალების დედათა მონასტრის XVIII საუკუნის ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები.
სარესტავრაციო სამუშაოები შესრულდა სამშენებლო კომპანიის – „იკორთა 2007“ მიერ. პროექტის ბიუჯეტმა 1 147 000 ლარი შეადგინა.