Home Blog გვერდი 116

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა გუდაურში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

0

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა გუდაურში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს და ამ დროისთვის სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია.

ბაღი 35 აღსაზრდელზეა გათვლილი. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გუდაურში მცხოვრებ მოსახლეობას სააღმზრდელო დაწესებულება არასდროს ჰქონია.

დაბა გუდაურის ბაღის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 1 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.

ადგილზე კონტრაქტორ კომპანიას ორმოცდაათამდე პირი ჰყავს დასაქმებული. ბაღის მშენებლობის დასრულების შემდეგ დაწესებულებაში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება იგეგმება.

გლდანის რაიონში ვეკუას, ხიზანიშვილისა და ხოჭოს ტბის ქუჩების რეაბილიტაცია სრულდება

0

გლდანის რაიონში ვეკუას, ხიზანიშვილისა და ხოჭოს ტბის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება. აღნიშნულ ქუჩებზე, რომელთა სიგრძეც ჯამში, დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს, ასფალტის ზედა ფენის დაგება უკვე დასრულებულია.

პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები – წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები, საკომუნიკაციო სადენები მიწის ქვეშ განთავსდა, მოეწყო გარე განათების ახალი ქსელი.

სარეაბილიტაციო არეალში პროექტით გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოები ჩატარებულია. ამ დროისთვის, მიმდინარეობს შშმ პირებისთვის პანდუსების, ასევე, ველობილიკებისა და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობის სამუშაოები, რომელიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციას თან ახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემის დაპროექტება. კერძოდ, ორივე ქუჩა დაპროექტდა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედით გადაადგილებაზე ორიენტირებით. ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე მოეწყობა ე.წ. ბასლეინები, რაც მოქალაქეთა გადააადგილებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი გამოიყო.

სამგორის რაიონში სპორტული ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს

0

სამგორის რაიონში სპორტული ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს.

სამგორის რაიონში, ვარკეთილის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, ვარკეთილის მეურნეობაში ჭიდაობის სპორტული ცენტრი, ლილოს დასახლებაში კი საცურაო აუზი შენდება.

ვარკეთილის მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 11 502 კვ.მ ტერიტორიაზე განხორციელდება და სრული დატვირთვის შემდეგ 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება:  სპორტული დარბაზი ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის; ტანვარჯიშის დარბაზი;  სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, სადაც განვითარდება ძიუდოს, ჭიდაობის, კარატეს სექციები, მათ შორის, მოეწყობა კრივის რინგი;  ტრენაჟორების  სივრცე ფიტნეს დარბაზთან ერთად; ორი საცურაო აუზი; კაფე; სპორტული ინვენტარის მაღაზია; მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა; საკონფერენციო დარბაზი;  სახელოვნებო სკოლა;   ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცე; მიწისქვეშა სართული პარკირებისთვის.

ვარკეთილის მეურნეობაში  ჭიდაობის ცენტრი, ლილოს დასახლებაში კი, სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე საცურაო აუზი აშენდება.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ ას ოჯახს სურსათ-სანოვაგე გადაეცა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ ას ოჯახს სურსათ-სანოვაგე გადაეცა.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ასოციაცია „ნაკვალევი“ ( doing the project is Humanity) საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „აჰმადია მუსლიმ ესოსეიშენი“ (AHMADIYA MUSLIM ASSOCIATION) სამხარეო ადმინისტრაცია და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და იძულებით გადაადგილებულ პირებს საკვები პროდუქტებით დაეხმარა.

სურსათ-სანოვაგე გარდა წეროვანის და წილკნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობისა, რეგიონის მასშტაბით ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე გადანაწილდა.

ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და იძულებით გადაადგილებულ პირებზე ჯამში სულ 12 588 სასურსათო კალათაა გაცემული.

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით კულტურული მემკვიდრეობის 100-მდე ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით წელს კულტურული მემკვიდრეობის 100-მდე ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ კულტურის სფეროში ქველმოქმედების სახით მილიარდ ლარამდე აქვს გაღებული. მხოლოდ მიმდინარე წელს, ძეგლთა დაცვის მიმართულებით „ქართუს“ საქველმოქმედო დაფინანსება 20 მილიონ ლარს აჭარბებს, რომლის ფარგლებშიც, 100-მდე ძეგლზე სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს – ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე ითქვა.

ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ფონდს საქართველოს მასშტაბით აღდგენილი აქვს რვაასზე მეტი ისტორიული კულტურული ძეგლი.

„წელს გვაქვს ძალიან ინტენსიური პროგრამა, 98 ძეგლის აღდგენას ვაპირებთ, ამისთვის გამოყოფილია 21 მილიონი ლარი. თუ საჭიროება დადგა და პანდემიური სიტუაცია შესაძლებლობას მოგვცემს, ეს ბიუჯეტი გაიზრდება. ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ წლევანდელ გეგმას და ვაპირებთ, კვლავაც მხარში დავუდგეთ სახელმწიფოს და დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

გარდა ამისა, მასშტაბურ პროექტებს შორისაა აწყურის ტაძრის აღდგენა, რომლის დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება.

ამასთან, 2019 წელს ფონდი „ქართუს“ ძალისხმევით, კულტურული მემკვიდრეობის 75 ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდა.

ქართული კულტურის მიმართულებით სხვადასხვა პროექტებს „ფონდი ქართუ“ უკვე ოცი წელია მუდმივად აფინანსებს, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას, მათ აღდგენა-რესტავრაციასა და მოვლა-პატრონობას.

თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი შენობა გაიხსნა

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სტრუქტურულ ერთეულში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა გაიხსნა.

დღეიდან, მოქალაქეები იარაღის რეგისტრაციასა და სანომრე ნიშნებთან დაკავშირებულ სერვისებს ახალ შენობაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღებენ. კერძოდ, აღნიშნულ შენობაში მოხდება იარაღის რეგისტრაცია, ასევე, დაკარგული და დაზიანებული სანომრე ნიშნების შეცვლა-აღდგენა, რაც მომსახურების სააგენტოს თბილისის ფილიალში ამ დრომდე არ ხდებოდა.

მომსახურების სააგენტო სერვისების განხორციელების დროს სრულად იცავს მთავრობის უწყებათშორისი კომისიის და ეპიდემიოლოგების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 3 თვეში შესყიდული სადიაგნოსტიკო ტესტების ღირებულება 1.2 მილიონ ლარზე მეტია

0

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამი თვის განმავლობაში შესყიდული, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტების ჯამური ღირებულება 1.2 მილიონ ლარს აჭარბებს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტესტების შეძენაზე მარტის, აპრილის და მაისის განმავლობაში 1 211 526 ლარი დაიხარჯა. 3 მილიონ ლარამდეა დახარჯული სამშრიანი პირბადეების შესყიდვაზე, 8 609 146 ლარი სამედიცინო კომბინიზონებზე, 282 547 ლარი უკონტაქტო თერმომეტრებზე, 2.5 მილიონ ლარზე მეტი ნიღბებზე და ა.შ.

ჯამურად, ეკიპირებაზე, კორონავირუსთან დაკავშირებული სხვადასხვა საშუალებების და მომსახურების შესყიდვაზე, სამი თვის განმავლობაში 22.5 მილიონ ლარამდეა დახარჯული.

ამასთან, 2 ივნისის მდგომარეობით, საკარანტინე ზონების სამედიცინო პერსონალით და სამედიცინო საგნების/მედიკამენტების უზრუნველყოფის კომპონენტში გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 1 075 250 ლარია. ასევე 2 ივნისის მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეების სასტუმრო მომსახურების კომპონენტის ფარგლებში ხარჯი 258 მილიონ ლარამდეა.

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს” დაფინანსებით სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა და მუნიციპალიტეტს გადაეცა.

ბაღის შენობა 60 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი ხობის მუნიციპალიტეტს გადაეცა.

ბაღი სრულად აღჭურვილი და ადაპტირებულია აღსაზრდელებისთვის, ეზოში მოეწყო სათამაშო სივრცე. აქამდე სოფელში არსებული ერთადერთი საბავშვო ბაღი გამგეობის შენობაში ფუნქციონირებდა, სადაც არც საკმარისი სივრცე იყო და არც შესაბამისი პირობები.

ძველ ხიბულაში, ფონდ “ქართუს“ დაფინანსებით, უკვე დასრულდა ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის მშენებლობა, რომლის კონცეფციაზე მუშაობა სპეციალისტებთან ერთად მიმდინარეობს. ხიბულაში ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით მიმდინარეობს ეკლესიის მშენებლობა.

მხოლოდ ხიბულაში მიმდინარე პროექტების მშენებლობაზე „ქართუ“ ფონდიდან 6 000 000 ლარზე მეტი იხარჯება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სოფელ ძველ ხიბულაში გასული წლის 29 მარტს იმყოფებოდა. ბიძინა ივანიშვილმა დანგრევის პირას მისული ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა და შენობის რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ დაავალა. “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მოსახლეობას ახალი საბავშვო ბაღის და ეკლესიის აშენებას 1 წლის წინ დაპირდა.

დაბა ხარაგაულში 78-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

დაბა ხარაგაულში 78-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეთექვსმეტე იქნება. საზოგადოებრივი ცენტრი ხარაგაულისა და მიმდებარე სოფლების – ჯაფაროულის, ბაზალეთის, ფარცხნალის, ისლარის, საღანძილის, ზარანის, დიდვაკის, ღარიხევის, წიფისა და სხვათა – 24 000-ზე მეტ მცხოვრებს მოემსახურება.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ხარაგაულში სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში სწრაფად, ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვ.

შენობას აქვს შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსი.

ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა.

ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი.

როგორც სხვა საზოგადოებრივ ცენტრებში, ხარაგაულის ცენტრშიც განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომისა“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები. მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით ისარგებლოს.

სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსით საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა წელს აქტიურად მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ძალიან მოკლე დროში ჯარიდან გადინება 60%-ით შევამცირეთ

0

ჩემი ერთ-ერთი ოცნება არის, რომ იყოს გამართული საკონტრაქტო პროფესიული ჯარი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ.

„ჩემი ერთ-ერთი ოცნება არის, რომ იყოს გამართული საკონტრაქტო პროფესიული ჯარი, წვევანდელების საკითხი იყოს დარეგულირებული ისე, რომ მხოლოდ ჩვენს სამინისტროში მოხდეს წვევანდელების გაწვევა. პროფესიული ჯარი და რეზერვები, რეზერვის სისტემის გამართვა და განვითარება, ის საკითხებია, რომლებსაც უახლოეს თვეებში მეტ დროს დავუთმობ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნადაა შემცირებული ჯარიდან გადინება, რაც მანამდე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო.

„მტკივნეული საკითხი იყო, რომ ჯარიდან გადინება ძალიან მაღალი იყო, ვინაიდან, ჯარისკაცებს დარჩენის მოტივაცია არ ჰქონდათ და პერსპექტივას ვერ ხედავდნენ. ჩვენ ძალიან მოკლე დროში, 6-7 თვეში გადინება 60%-ით შევამცირეთ“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.