ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით წელს კულტურული მემკვიდრეობის 100-მდე ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ კულტურის სფეროში ქველმოქმედების სახით მილიარდ ლარამდე აქვს გაღებული. მხოლოდ მიმდინარე წელს, ძეგლთა დაცვის მიმართულებით „ქართუს“ საქველმოქმედო დაფინანსება 20 მილიონ ლარს აჭარბებს, რომლის ფარგლებშიც, 100-მდე ძეგლზე სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს – ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე ითქვა.
ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ფონდს საქართველოს მასშტაბით აღდგენილი აქვს რვაასზე მეტი ისტორიული კულტურული ძეგლი.
„წელს გვაქვს ძალიან ინტენსიური პროგრამა, 98 ძეგლის აღდგენას ვაპირებთ, ამისთვის გამოყოფილია 21 მილიონი ლარი. თუ საჭიროება დადგა და პანდემიური სიტუაცია შესაძლებლობას მოგვცემს, ეს ბიუჯეტი გაიზრდება. ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ წლევანდელ გეგმას და ვაპირებთ, კვლავაც მხარში დავუდგეთ სახელმწიფოს და დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
გარდა ამისა, მასშტაბურ პროექტებს შორისაა აწყურის ტაძრის აღდგენა, რომლის დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება.
ამასთან, 2019 წელს ფონდი „ქართუს“ ძალისხმევით, კულტურული მემკვიდრეობის 75 ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდა.
ქართული კულტურის მიმართულებით სხვადასხვა პროექტებს „ფონდი ქართუ“ უკვე ოცი წელია მუდმივად აფინანსებს, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას, მათ აღდგენა-რესტავრაციასა და მოვლა-პატრონობას.