ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს” დაფინანსებით სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა და მუნიციპალიტეტს გადაეცა.
ბაღის შენობა 60 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი ხობის მუნიციპალიტეტს გადაეცა.
ბაღი სრულად აღჭურვილი და ადაპტირებულია აღსაზრდელებისთვის, ეზოში მოეწყო სათამაშო სივრცე. აქამდე სოფელში არსებული ერთადერთი საბავშვო ბაღი გამგეობის შენობაში ფუნქციონირებდა, სადაც არც საკმარისი სივრცე იყო და არც შესაბამისი პირობები.
ძველ ხიბულაში, ფონდ “ქართუს“ დაფინანსებით, უკვე დასრულდა ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის მშენებლობა, რომლის კონცეფციაზე მუშაობა სპეციალისტებთან ერთად მიმდინარეობს. ხიბულაში ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით მიმდინარეობს ეკლესიის მშენებლობა.
მხოლოდ ხიბულაში მიმდინარე პროექტების მშენებლობაზე „ქართუ“ ფონდიდან 6 000 000 ლარზე მეტი იხარჯება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სოფელ ძველ ხიბულაში გასული წლის 29 მარტს იმყოფებოდა. ბიძინა ივანიშვილმა დანგრევის პირას მისული ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა და შენობის რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ დაავალა. “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მოსახლეობას ახალი საბავშვო ბაღის და ეკლესიის აშენებას 1 წლის წინ დაპირდა.