ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამი თვის განმავლობაში შესყიდული, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტების ჯამური ღირებულება 1.2 მილიონ ლარს აჭარბებს.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტესტების შეძენაზე მარტის, აპრილის და მაისის განმავლობაში 1 211 526 ლარი დაიხარჯა. 3 მილიონ ლარამდეა დახარჯული სამშრიანი პირბადეების შესყიდვაზე, 8 609 146 ლარი სამედიცინო კომბინიზონებზე, 282 547 ლარი უკონტაქტო თერმომეტრებზე, 2.5 მილიონ ლარზე მეტი ნიღბებზე და ა.შ.
ჯამურად, ეკიპირებაზე, კორონავირუსთან დაკავშირებული სხვადასხვა საშუალებების და მომსახურების შესყიდვაზე, სამი თვის განმავლობაში 22.5 მილიონ ლარამდეა დახარჯული.
ამასთან, 2 ივნისის მდგომარეობით, საკარანტინე ზონების სამედიცინო პერსონალით და სამედიცინო საგნების/მედიკამენტების უზრუნველყოფის კომპონენტში გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 1 075 250 ლარია. ასევე 2 ივნისის მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეების სასტუმრო მომსახურების კომპონენტის ფარგლებში ხარჯი 258 მილიონ ლარამდეა.