დაბა ხარაგაულში 78-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეთექვსმეტე იქნება. საზოგადოებრივი ცენტრი ხარაგაულისა და მიმდებარე სოფლების – ჯაფაროულის, ბაზალეთის, ფარცხნალის, ისლარის, საღანძილის, ზარანის, დიდვაკის, ღარიხევის, წიფისა და სხვათა – 24 000-ზე მეტ მცხოვრებს მოემსახურება.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ხარაგაულში სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში სწრაფად, ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვ.
შენობას აქვს შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსი.
ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა.
ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი.
როგორც სხვა საზოგადოებრივ ცენტრებში, ხარაგაულის ცენტრშიც განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომისა“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები. მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით ისარგებლოს.
სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსით საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა წელს აქტიურად მიმდინარეობს.
საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.