Home Blog გვერდი 136

ქვეყანა გამოწვევებისთვის მზადაა, გვაქვს 12 000 საწოლი და 2000 სასუნთქი აპარატი

0

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის უფრო ფართო გავრცელების შემთხვევისთვისაც მზად არის.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში 12 000 საწოლი და 2000 სასუნთქი აპარატის რესურსი არსებობს.

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზა მოწესრიგდება

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება. საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის თხოვნით, ფონდს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა მიმართა. პროექტი ითვალისწინებს ტობავარჩხილის ტბამდე ამორტიზებული საავტომობილო გზის მოწესრიგებას. მისი სიგრძე დაახლოებით 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი – 6.5 მეტრი. პროექტის მიხედვით, იგეგმება გრუნტის საფარისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობა.

ამასთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ზურმუხტის ქსელის – სამეგრელო 2-ის ტერიტორიაზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ზემოქმედების შესაბამისობის შეფასების დოკუმენტს შეისყიდის.

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, 13 მლნ ლარამდეა. აქედან, წელს, საორიენტაციოდ, 4 მლნ ლარის სამუშაო შესრულდება. პროექტი, რომელიც 14 თვის ვადაში დასრულდება, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.

თიანეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გრძელდება კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაბა თიანეთში. პროექტის ფარგლებში შენობა სრულად განახლდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

ასევე, აქტიურად გრძელდება ღულელების, ტოლაანთსოფლის, თრანის, მაგრანეთის, ზემო ნაქალაქარის, ქვემო ნაქალაქარისა და დორეულების დამაკავშირებელი 10 კმ-იანი გზის მოწყობა. პროექტი ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის მოასფალტებას, 2 ახალი ხიდის მშენებლობას, 1 არსებული ხიდის რეაბილიტაციას და სანიაღვრე არხების მოწყობას.

ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს შიდა გზების რეაბილიტაცია სოფელ საყდრიონსა და სოფელ სიმონიანთხევშიც.

თიანეთი

ახალი სამეთაურო-საშტაბო ცენტრის მშენებლობა დაიწყო

0

წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“, JTEC-ის ტერიტორიაზე, ახალი სამეთაურო-საშტაბო ცენტრის მშენებლობა დაიწყო.

ნატოს სტანდარტების შესაბამისი სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის (CSTC) შენობის საძირკველში დროის კაფსულა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად ჩადო.

სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრი საერთაშორისო და ეროვნული დონის მნიშვნელოვან საშტაბო სწავლებებს უმასპინძლებს.

ერთ შენობაში იქნება განთავსებული სწავლების კონტროლი ყველა ელემენტით, რაც სხვადასხვა სახის სწავლების ერთიან სივრცეში გამართვის შესაძლებლობას შექმნის.

ახალი ინფრასტრუქტურა საშტაბო სწავლებების კლასიფიცირებულ გარემოში ჩატარებისა და საერთაშორისო სწავლებებში დისტანციურად ჩართვის საშუალებასაც იძლევა.

გარდა ამისა, სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციებს, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს უმასპინძლებს.

ახალი ცენტრის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

ბოდბის დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბის წმ.ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა და წმ.ნინოს წყაროსთან მისასვლელ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა: ორდონიანი ავტოსადგომი, შიდა და გარე წყალსადენ-კანალიზაცია, სანიაღვრე სისტემა, გათბობა-ვენტილაციის, შიდა და გარე განათებები, წმ.ნინოს წყაროსთან მისასვლელი 3 კმ-იანი ასფალტბეტონის გზა.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ვერტიკალური გეგმარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.

პროექტის დასრულების შემდეგ სრულად მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

სამუშაოები 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის ივნისში დასრულდება.

ჩინეთი კორონა ვირუსის 1000 ტესტს საჩუქრად გადმოგვცემს

0

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით საქართველო ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციისგან საჩუქრად კორონავირუსის დასადგენად საჭირო 1000 სწრაფ ტესტს მიიღებს.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, აპრილის ბოლოს მზად იქნება ერთ-ერთი ძალიან ცნობილი კომპანიის ტესტები, რომელიც პასუხს 1 საათში იძლევა და ქვეყნის მასშტაბით ასეთი ტესტ-სისტემებისთვის 45 აპარატი გვაქვს.

„დღეს სამედიცინო ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვენ ვიცით, რომ აპრილის ბოლოს ერთ-ერთი ძალიან ცნობილი კომპანიის ტესტ-სისტემები დამზადდება, რომელიც ჩვენთან ტუბერკულოზზე და შიდსზე მუშაობს. ეს არის ძალიან ადვილი სახმარი კარტრიჯები, რომელიც 1 საათში გვაძლევს პასუხს. ჩვენ გვიდგას ამ ტესტ-სისტემებისთვის 45 აპარატი ქვეყანაში და ეს აპარატები დეცენტრალიზებულია ყველა რეგიონში. ასევე ჩინეთმა გააკეთა სწრაფი ტესტები, რომელსაც ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია გადმოგვცემს საჩუქრად დაახლოებით 1000 ტესტზე, გუშინ მივიღე ეს წერილი. თუმცა, მათგან არც ერთი ჯერჯერობით არ არის ვალიდირებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ამიტომ ჩვენ ამ ტესტებზე ვართ ფრთხილად”, -აცხადებს ამირან გამყრელიძემ.

თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება

0

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.

„ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანთა მონიტორინგი. გადაწყვეტილებაა მიღებული მთავრობის მიერ, რომ გარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებისა, აქ სერიოზულად იქნება მხარდაჭერა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა, რათა კარგად მოხდეს მონიტორინგი თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების, ისევე, როგორც კარანტინში მყოფი ადამიანების. ჩვენ რამდენიმეჯერ მოვუწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფებიან, რომ გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაარღვიონ ეს კარანტინი თუ თვითიზოლაცია, რადგან ეს დაკავშირებულია მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან, მათ ირგვლივ მყოფი ადამიანებისა და საზოგადოების უსაფრთხოებასთან. ამ ტიპის ღონისძიებების გატარება ეპიდემიების დროს არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობების და ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს

ქალაქ ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის და ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, დაგეგმილია 145-კილომეტრიანი საკანალიზაციო ქსელის მოწყობა და 28 ერთეული სატუმბი სადგურის მშენებლობა.

პროექტის განხორციელება ქალაქ ფოთს წყალარინების სრულიად ახალი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს.

ამასთან, გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდება გარემოს დაბინძურების რისკები რეგიონში.

პროექტებისთვის, ჯამში, 130 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება.

შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, მშენებლობის დასრულების შემდეგ ოჯახებს გრანტებიც გადაეცემათ.

დევნილთა განსახლების საჭიროებებიდან გამომდინარე, 100 სახლი დასავლეთ საქართველოში, 22 კი შიდა ქართლის რეგიონში აშენდება.

მსგავსი ტიპის სახლების მშენებლობა მარნეულში 31 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის უკვე მიმდინარეობს.

პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის პირველ თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. განაცხადების მიღება 16 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს.

ბაკურიანში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

0

ბაკურიანში პოლიციის განყოფილების ახალი შენობა გაიხსნა. მშენებლობა საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. შენობა კეთილმოწყობილია და თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება.

ბაკურიანის პოლიციის განყოფილების ახალ შენობაში იმუშავებს როგორც საპატრულო, ასევე, კრიმინალური პოლიციის 50-ზე მეტი თანამშრომელი.

შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი, ნივთმტკიცების ოთახები და საკონფერენციო დარბაზი. ამასთან, ნაგებობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.

ასევე, პოლიციის განყოფილებაში განთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის ბაკურიანის დროებითი მოთავსების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იზოლატორი.