წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“, JTEC-ის ტერიტორიაზე, ახალი სამეთაურო-საშტაბო ცენტრის მშენებლობა დაიწყო.
ნატოს სტანდარტების შესაბამისი სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის (CSTC) შენობის საძირკველში დროის კაფსულა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად ჩადო.
სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრი საერთაშორისო და ეროვნული დონის მნიშვნელოვან საშტაბო სწავლებებს უმასპინძლებს.
ერთ შენობაში იქნება განთავსებული სწავლების კონტროლი ყველა ელემენტით, რაც სხვადასხვა სახის სწავლების ერთიან სივრცეში გამართვის შესაძლებლობას შექმნის.
ახალი ინფრასტრუქტურა საშტაბო სწავლებების კლასიფიცირებულ გარემოში ჩატარებისა და საერთაშორისო სწავლებებში დისტანციურად ჩართვის საშუალებასაც იძლევა.
გარდა ამისა, სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციებს, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს უმასპინძლებს.
ახალი ცენტრის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.