Home Blog გვერდი 127

დუშეთის მუნიციპალიტეტში 1000 ბენეფიციარს სასურსათო პაკეტი გადაეცემა

0

დუშეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი სოციალური ღონისძიება განხორციელდება. ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1000 ბენეფიციარს ძირითადი მოხმარების, არამალფუჭებადი სასურსათო პროდუქტით დაკომპლექტებული პაკეტი გადაეცემა.

თვითმმართველობის წარმომადგენლები მოქალაქეებს საკვებ პროდუქტებს ბინაზე მიუტანენ.

მოქალაქეთა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტში სოციალური აქტივობები რეგულარულად ხორციელდება.

რამდენიმე დღის წინ, ქალაქ დუშეთის უფასო სასადილოს 125 ბენეფიციარს 1 თვის სასურსათო მარაგი დაურიგდა. სასურსათო პაკეტები გადაეცა შატილისა და არხოტის ხეობებში მცხოვრებ 50-მდე ოჯახსაც.

ლანჩხუთში 500-მდე ოჯახის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დასრულდა

ლანჩხუთში 500-მდე ოჯახის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დასრულდა.

ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ცხრა ქუჩის მოსახლეობა ათეული წლების განმავლობაში ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემით ვერ სარგებლობდა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო მაგისტრალური მილსადენი და 14 კმ-მდე გამანაწილებელი ქსელი. ასევე, დასრულდა აბონენტების გამრიცხველიანება.

საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, პროექტის განხორციელებას 1 მილიონ ლარამდე მოხმარდა.

ფონდი „ქართუ“ ადგილობრივი წარმოების 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის შეიძენს

0

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირბადეები მოხმარდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც დღეს Covid-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას.

„მოგეხსენებათ, Covid -19 არის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც ბევრი ახალი, სამწუხარო სიახლე შემოიტანა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ყველანი, სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდით უნდა მივეჩვიოთ ყოველდღიურად პირბადით, ხელთათმანებით ცხოვრებას. თუმცა, ასევე, ამ გამოწვევის შედეგია, რომ დღეს, ისეთ ელემენტარულ ნივთზე, როგორიცაა სამედიცინო პირბადე, გლობალური დეფიციტია შექმნილი. ქართულმა კომპანიამ მოახერხა და ჩამოიტანა დანადგარი, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე აწარმოებს ერთჯერად სამედიცინო პირბადეს, რომელიც ასე გვჭირდება ჩვენ და ჩვენს მედიკოსებს. კომპანია უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ დამატებით ხაზს აამოქმედებს და შეძლებს დღეში დაახლოებით 250 000 ერთჯერადი პირბადის წარმოებას. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ „ქართუ“ ჯგუფმა აიღო ვალდებულება და ამ საწარმოში წარმოებულ პირველ 4 მილიონ პირბადეს, სახელმწიფოს, მთავრობას აჩუქებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს პირბადეები მოხმარდება ჩვენს სამედიცინო სექტორს, მათ, ვინც წინა ხაზზეა კოვიდ-19-თან ბრძოლაში. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს“. ის, როგორც ყოველთვის, გვერდში უდგას სახელმწიფოს და ყოველთვის გვეხმარება იქ, სადაც ყველაზე უფრო გვჭირდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, StopCov-ფონდში იმ 100 მილიონის გადმორიცხვისთვის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქართული კომპანია „რესპირატორი“ დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს.

როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დღეს მსოფლიოში დეფიციტშია, კომპანიამ საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით, შესაბამისი მასალის საქართველოში ჩამოტანა შეძლო.

„ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს მდგომარეობას იმ კუთხით, რაც გამოწვეული იყო მსოფლიო მასშტაბით არსებული პირბადეების ზოგადი დეფიციტით. არ შეიძლება, არ აღინიშნოს ფონდ „ქართუს“ ძალიან დიდი წვლილი. „ქართუ“ დგამს კიდევ ერთ უპრეცედენტო ნაბიჯს და 4 მლნ პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს, რაც ძალიან მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ ტვირთს, რომელიც დღეს გაგვაჩნია Covid-19-ის ინფექციასთან ბრძოლიდან გამომდინარე“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ნიღბების საქართველოში წარმოება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჯანდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წვლილს.

„დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა ებრძვის ახალ, უხილავ მტერს, მსოფლიო პანდემია Covid-19-ს, გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში. ფონდმა „ქართუმ“ გადაწყვიტა, შეიძინოს და სახელმწიფოს გადასცეს საქართველოში წარმოებული 4 მილიონი სამედიცინო პირბადე. ეს არის პირველი საწარმო საქართველოში, შპს “რესპირატორი”, რომელმაც მოახერხა ამ ხაზის უმოკლეს დროში გამართვა და მწყობრში მოყვანა. ფონდმა „ქართუმ“, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ 100 მილიონი ჩარიცხა, კოვიდ-19-თან ბრძოლის ფონდში და ამასთან ერთად ახორციელებს შემდგომ დახმარებას სახელმწიფოსთვის. ჩვენ ამ საწარმოსგან აღნიშნულ პირბადეებს შევიძენთ და გადავცემთ სახელმწიფოს, რომელიც მას მოიხმარს როგორც ჯანდაცვის, ისე სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ ობიექტებში. ვიმედოვნებთ, ამით აღმოიფხვრება ის დეფიციტი, რომელიც მთელ მსოფლიოშია და ბუნებრივია, საქართველოშიც გაჩნდა სამედიცინო დაცვის საშუალებებთან მიმართებაში“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

კახეთში პირბადეების დამზადება დაიწყო

0

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ მირზაანში კვირაცხოვლობის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულმა სამკერვალო-სახელოსნომ პირბადეების დამზადება დაიწყო.

მირზაანის დედათა მონასტერთან არსებული სამკერვალო 5000 დამზადებულ პირბადეს გადასცემს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც შემდეგ უსასყიდლოდ დაურიგებს მოწყვლად ჯგუფებს, სამედიცინო პერსონალსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა.

სამუშაო პროცესი ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. სახელოსნოში დღიურად 500-მდე პირბადეს ამზადებენ. მონასტრის წვერების გარდა, პირბადეების დამზადების პროცესში ადგილობრივი მრევლია ჩართული.

აღნიშნული პროექტი ევროკავშირის (ENPARD) პროგრამის ,,მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისათვის“ და დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება.

COVID-19-ის ადრეული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით სპეციალური აპლიკაცია შეიქმნა

0

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინოვაციური აპლიკაცია STOP COVID შეიქმნა, რომლის მიზანი COVID-19-ის ადრეული გამოვლენა და პრევენციაა.

STOP COVID აპლიკაცია იძლევა საშუალებას შევაკავოთ ვირუსის გავრცელება კონტაქტირებული პირების დროული ინფორმირებით. აპლიკაცია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს გაიგოს, თუ იმყოფებოდა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ინოვაციური აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-ისა და ანდროიდის მომხმარებლებისთვის. აპლიკაციის გადმოსაწერად iOS-ის მომხმარებელმა App Store-ზე უნდა ჩაწერონ STOP COVID, ხოლო ანდროიდის მფლობელებს, მისი გადმოწერა Google Play-დან შეეძლებათ NOVID20-ის დასახელებით. დამატებით გადმოსაწერი ლინკები განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე www.moh.ge და ასევე მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე www.stopcov.ge

აპლიკაცია გადმოწერისა და დაინსტალირების შემდეგ რეგისტაციას არ მოითხოვს. შესაბამისად მომხმარებელი არ უთითებს პირად ინფორმაციას. აპლიკაცია თითოეული მომხმარებლისთვის ქმნის უნიკალურ ID-ს, რომლის მეშვეობითაც განსაზღვრავს სოციალურ კონტაქტებს. ყველა მონაცემი ინახება მობილურ ტელეფონში, ლოკალურად, კოდირების მძლავრი სისტემის გამოყენებით. მომხმარებლებს აქვთ სრული კონტროლი თავიანთ მონაცემებზე და თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ როდის და რა ინფორმაციის გამჟღავნება სურთ. სისტემა განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს პერსონალური მონაცემთა დაცვის ევროპულ კანონმდებლობასთან თანხვედრას.

იმის დასადგენად, თუ რომელი სმარტფონები იყვნენ ერთმანეთთან სიახლოვეში, გამოიყენება Bluetooth, GPS და სხვა ტექნოლოგიები. აპლიკაციის მომხმარებლებს შორის ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია – კონტაქტის თარიღი, გარკვეული ხანგრძლივობისა (15 წუთზე მეტი) და დისტანციის მქონე შემთხვევები (2 მეტრზე ნაკლები), დაშიფრული სახით, ინახება ადგილობრივად, ორივე მომხმარებლის აპლიკაციაში. თუ რომელიმე ადამიანს დაუდასტურდება COVID-19, ის პირები, რომელთაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდათ აღნიშნულ დადასტურებულ შემთხვევასთან, აპლიკაციის საშუალებით მიიღებენ გაფრთხილებას ინსტრუქციით – დარჩნენ თვითიზოლაციაში და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის ორგანოებს.

აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა და ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის ხელმისაწვდომი გახადა. მოხდა აპლიკაციის სრულ შესაბამისობაში მოყვანა ქართულ რეალობასა და კანონმდებლობასთან.

აპლიკაციის მსგავსი მოდელი, უკვე წარმატებით დანერგა და გამოიყენა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორისაა იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური და სხვა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში პროდუქტების დარიგება გრძელდება

0

მარტვილის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება.

ამჯერად, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ომში მარჩენალ დაკარგულებს და ომში დაღუპულთა შშმ შვილებს საკვები პროდუქტები გაუგზავნა.

პროდუქტები მოსახლეობას სახლებში მიუტანეს.

თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სამხედრო მოსამსახურეებისთვის სახის დამცავ ფარებს ამზადებენ

0

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის პირადი შემადგენლობა სამხედრო მოსამსახურეებისთვის დამცავ ფარებს ამზადებს.

ინდივიდუალური დაცვის პლასტიკურ ნიღბები სამხედრო მოსამსახურეებისთვის არის განკუთვნილი. პლასტიკური ნიღბები მრავალჯერადი გამოყენებისაა და სადეზინფექციო ხსნარით იწმინდება.

ლოჯისტიკის სარდლობის წარმომადგენლები დამცავ ფარებს ყველა წესის დაცვით ამზადებენ. ინდივიდუალური დაცვის პლასტიკურ ნიღბების დამზადების პროცესს აკვირდებიან ქვედანაყოფის ხელმძღვანელები. ისინი მუდმივად აკონტროლებენ, რომ პერსონალის მიერ დაცული იყოს სოციალური დისტანცია და ჰიგიენური ნორმები.

ლოჯისტიკის სარდლობამ ინდივიდუალური დაცვის პლასტიკური ნიღბების დამზადება 17 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე უკვე დამზადებულია 2500 ერთეული დამცავი ფარი.

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები ინდივიდუალური ნიღბებით ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით მომარაგდებიან.

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად კიდევ ორი ავიარეისი დაინიშნა

0

COVID-19-თან საბრძოლველად საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამშობლოში მოქალაქეთა ეტაპობრივად დასაბრუნებლად კიდევ ორი ავიარეისი დაინიშნა.

საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ 30 აპრილს შესრულდება თბილისი-მადრიდი-თბილისის და 2 მაისს თბილისი-პრაღა-თბილისის რეისები.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მანამდე დანიშნული ავაიარეისებია:

14 აპრილი – თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;

16 აპრილი – თბილისი-პარიზი-თბილისი;

18 აპრილი – თბილისი-თელავივი-თბილისი;

21 აპრილი – თბილისი-რომი-თბილისი;

24 აპრილი – თბილისი-ბარსელონა-თბილისი;

27 აპრილი – თბილისი-ვარშავა-თბილისი.

ავიაკომპანია „Georgian Airways“-მა ბილეთების ონლაინგაყიდვა უნდა დაიწყოს რეისამდე ორი დღით ადრე და ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მოქალაქეების დაბრუნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესებით ხორციელდება და თვითმფრინავში მგზავრების განლაგება ხდება ჭადრაკისებრი პრინციპით.

სამშობლოში დაბრუნებულები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში ორგანიზებულად დაბრუნდა 5540 მოქალაქე.

ზუგდიდში წყალარინების ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა შეუფერხებლად გრძელდება

ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის, წყალარინების ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობები შეუფერხებლად გრძელდება.

ქალაქის 15 000-მდე აბონენტი ინდივიდუალურად გამრიცხველიანდა. ამ ეტაპზე გრძელდება დარჩენილი 3 000 ოჯახის გამრიცხველიანება. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. კომპანია ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მთის მოსახლეობას საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები ჩაუტანეს

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით გეგმური რეისი შეასრულა. მესაზღვრეების როტაციისა და მათთვის აუცილებელი ტვირთის ტრანსპორტირების გარდა, სასაზღვრო ავიაცია ადგილობრივ მოსახლეობასაც მოემსახურა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით კახეთის რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა თუშეთის სოფლების 25-მდე ოჯახს ძირითადი მოხმარების საკვები პროდუქტები ჩაუტანა.

სასაზღვრო ავიაციის გეგმური რეისი ხევსურეთის მიმართულებითაც შესრულდა. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ პირიქითა ხევსურეთის სოფლებში მცხოვრებ 50-მდე ოჯახს პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები ჩაუტანა.

რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო, თუშეთის, შატილისა და არხოტის სოფლები გარე სამყაროს ჯერ კიდევ მოწყვეტილია და მოსახლეობასთან კომუნიკაცია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით ხდება.