COVID-19-თან საბრძოლველად საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამშობლოში მოქალაქეთა ეტაპობრივად დასაბრუნებლად კიდევ ორი ავიარეისი დაინიშნა.
საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ 30 აპრილს შესრულდება თბილისი-მადრიდი-თბილისის და 2 მაისს თბილისი-პრაღა-თბილისის რეისები.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მანამდე დანიშნული ავაიარეისებია:
14 აპრილი – თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;
16 აპრილი – თბილისი-პარიზი-თბილისი;
18 აპრილი – თბილისი-თელავივი-თბილისი;
21 აპრილი – თბილისი-რომი-თბილისი;
24 აპრილი – თბილისი-ბარსელონა-თბილისი;
27 აპრილი – თბილისი-ვარშავა-თბილისი.
ავიაკომპანია „Georgian Airways“-მა ბილეთების ონლაინგაყიდვა უნდა დაიწყოს რეისამდე ორი დღით ადრე და ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მოქალაქეების დაბრუნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესებით ხორციელდება და თვითმფრინავში მგზავრების განლაგება ხდება ჭადრაკისებრი პრინციპით.
სამშობლოში დაბრუნებულები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში ორგანიზებულად დაბრუნდა 5540 მოქალაქე.