Home Blog გვერდი 115

საქართველოს მასშტაბით 59 სკოლის მშენებლობა და 100 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 59 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტური კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს.

სკოლების მშენებლობის ტენდერი უკვე გამოცხადდა – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელს ჩხიკვთას, გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ქერეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფელ მაჩხაანის, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ საბირკენდის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩხაკოურის სკოლების პროექტირებასა და მშენებლობაზე.

2020 წლის ივლისში გამოცხადდება ტენდერი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათას სკოლის მშენებლობასა და პროექტირებაზე. პროგრამის ფარგლებში, გამოცხადებულია გურიის რეგიონში 8 სკოლის, ხოლო კახეთის რეგიონში 5 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი.

სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

შენობებში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

ამასთან, საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს 31 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია. 2020 წლის ივლისში ტენდერი 25 ბაღზე გამოცხადდება, საბავშვო ბაღების პროექტის საერთო საორიენტაციო ღირებულება 75 მილიონი ლარია.

პროექტებს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების (CEB და NEFCO) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

ქართული ჯარი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სპეც-ტექნიკით აღიჭურვება

0

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ჯარში მიმდინარე მორიგი რეფორმა გააცნო. როგორც მან აღნიშნა, პირველად ისტორიაში ქართული ჯარი ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით აღიჭურვება.

“მე მინდა მოგილოცოთ ჩვენი ჯარის მოდერნიზაციისა და განახლებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. დღეს ჩვენ ხელს მოვაწერეთ შეთანხმებას, რომლითაც ახალი სტანდარტების დამკვიდრებისთვის ვიწყებთ მორიგი რეფორმის შესრულებას. რამდენიმე თვეში თავდაცვის ძალებს ექნებათ თანამედროვე ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების მსოფლიო ბრენდების სპეც-ტექნიკა.

დღევანდელი შეთანხმებით ჩვენ წარსულს ვაბარებთ საბჭოთა წარმოების ასევე ნატოს არაწევრი ქვეყნების წარმოებულ მოძველებულ სპეციალურ ტექნიკას. მოგეხსენებათ, რომ მრავალი ათწლეულის განმავლობაში ჩვენ სამხედროებს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არაკომფორტული, არაეფექტიანი და ამავდროულად არასაიმედო ტექნიკის გამოყენება უწევდათ. ეს ნამდვილად არ იყო ის ხარისხი, რასაც ჩვენი სამხედროები იმსახურებდნენ, ამიტომ დღეს ჩვენ უპრეცედენტო მასშტაბის განახლებით, ამ ვითარებას მთლიანად შევცვლით და ამ ნაწილშიც სრულად ვხდებით ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებთან თავსებადი.

ჩვენი პროექტით ვყიდულობთ 500-ზე მეტი ერთეულის სპეციალური დანიშნულების სპეც-ტექნიკას. ისეთი მსოფლიო და ლიდერი მწარმოებლები, როგორიც არის გერმანული მანი , იტალიური ივეკო და ამერიკული ფორდი. აღნიშნული კო9მპანიების ავტორიტეტი ადასტურებს , რომ ჩვენ მთავარ პრინციპს, ყველაფერი საუკეთესო ჯარს, რეალობაში ვნერგავთ.

პროექტის საერთო თანხას, თავდაცვის უწყება ეტაპობრივად , ასე ვთქვათ განვადებით, რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიხდის, რაც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ჩვენი უწყებისთვის. აღნიშნული შესყიდვა ხარჯების ეფექტურობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. რადგან ერთი და იგივე ბრენდის მწარმოებლის ტექნიკური საშუალებების შესყიდვა მნიშვნელოვანად დაზოგავს ხარჯებს და მომავალში, რა თქმა უნდა, გაამარტივებს ტექნიკურ მომსახურებას. შედეგად მნიშვნელოვნად გაძლიერდება ჩვენი სამხედრო თავდაცვის შესაძლებლობები და რა თქმა უნდა გაუმჯობესდება ჩვენი ჯარის ეფექტურობის, მობილურობის ხარისხი.

საბოლოო ჯამში, ჩვენ ახალ, თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიზანია, ავამაღლოთ ჩვენი ჯარის მზადყოფნა და, ზოგადად, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული, ჩემს გუნდს თავდაცვის სამინისტროში და, რა თქმა უნდა, კომპანიების წარმომადგენლებს. კიდევ ერთხელ მე გილოცავთ ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება” – საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მარტვილში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

0

მარტვილში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

მარტვილის მუნიციპალიტეტში დიდი ჭყონის, ონოღიის და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, აშენდება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 50 ბავშვზე გათვლილი ბაღი.

სამშენებლო სამუშაოებს ამხანაგობა „თ.ბ. კაპიტალი, LIVE DESIGN” ახორციელებს. პროექტის მშენებლობის ღირებულება 2 212 500 ლარს შეადგენს. ბაღების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

ასევე, ქალაქ მარტვილში, თავისუფლების ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავისა და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 26 244 ლარს შეადგენს.

სამშენებლო სამუშაოებს შპს „მათე 2019“ ასრულებს. მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავისა და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

თავდაცვის ძალები მსოფლიოს ლიდერი კომპანიების მიერ წარმოებული სპეც-ტექნიკით ისარგებლებს

0

თავდაცვის ძალები მსოფლიოს ლიდერი კომპანიების მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ახალი ტექნიკით აღიჭურვება. პირველად ისტორიაში ქართველ სამხედროებს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები ექნებათ.

ახალი პროექტის მიხედვით, მოძველებული საბჭოთა წარმოების სპეც-ტექნიკა თანამედროვე, მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიების – გერმანული „MAN“ – ის, იტალიური „IVECO“ – ს და ამერიკული „FORD“ – ის მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდება.

ამ ბრენდების სპეციალურ ტექნიკას იყენებენ გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, შვეიცარიისა და სხვა მრავალი ქვეყნის თავდაცვის ძალები.

ჯამში, თავდაცვის სამინისტრო 500-ზე მეტ ერთეულ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას შეიძენს. აღნიშნული  პროექტი ჯარის ავტოტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ სპეც-ტექნიკისთვის საჭირო ღირებულებას თავდაცვის უწყება ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიხდის. ახალი სპეც-ტექნიკის შესყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხარჯების ეფექტურობის თვალსაზრისითაც, რადგან მოძველებული ტექნიკის შენახვა და გარემონტება თავდაცვის ძალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ლარი  უჯდებოდა. ერთი და იმავე ბრენდის მწარმოებლის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ფლობა კი, შემდგომ წლებში მნიშვნელოვნად გაამარტივებს სპეც-ტექნიკის მართვას და ტექნიკურ მომსახურებას. პროექტი რამდენიმე თვეში დასრულდება  და შედეგად, კიდევ უფრო გაძლიერდება თავდაცვის ძალების სამხედრო შესაძლებლობები და, ზოგადად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.

რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ორი ახალი გვირაბი გაიჭრა.

0

რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ორი ახალი გვირაბი გაიჭრა. ახალი გვირაბები სოფელ უბისასთან და განთიადთან გაიჭრა. მათი სიგრძე 346,5 მეტრი და 223 მეტრია.

პროექტის ფარგლებში, პარალელურ რეჟიმში გრძელდება ხიდებისა და გვირაბების სამშენებლო სამუშაოები. უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სულ 13-კილომეტრიანიიანი გზა, 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება. ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები 30 გვირაბზე და 39 ხიდზე მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე გასულ თვეს, ხევის-უბისას მონაკვეთზე სოფელ ხევთან პირველი 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა.

რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.  რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი.

შედეგად, რიკოთის საუღელტეხილო გზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას შეამცირებს მანძილს 30 კილომეტრით, ხოლო მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი.

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ახალქალაქში მდებარე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და სამ თვეში დასრულდება.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალქალაქში მდებარე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი მოინახულა. მისი თქმით, ადგილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამ თვეში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი (BCT) მთლიანად ახალქალაქში დისლოცირდება.

სამხედრო ბაზაზე უკვე დასრულებულია რამდენიმე შენობა, მათ შორის საცხოვრებელი ყაზარმა, შტაბის შენობა, სასადილო, ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი, სამი საქვაბე, რომელიც შენობების გათბობისა და ცხელი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს და საყარაულო შენობა. მოეწყო შიდა გზები, გარე განათება და სამწყობრო მოედანი.

დაგეგმილია ლაზარეთის, ასევე დაცვისა და უზრუნველყოფის ასეულების ყაზარმების მშენებლობა. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი 800 რეკრუტის მომზადებაზეა გათვლილი.

ასევე, დაწყებულია ახალციხეში სატანკო სასწავლო ცენტრის ბაზაზე სასადილოსა და ყაზარმების რემონტი. ტერიტორიაზე იგეგმება სტადიონის მშენებლობასაც.

გარდა ამისა, აქტიურ ფაზაში შედის ოსიაურში ლოჯისტიკის დაცვის ბატალიონის ტერიტორიაზე არსებული ყაზარმისა და სასადილოს სარემონტო სამუშაოებიც.

ბათუმში განათლების და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

ბათუმში განათლების და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს 250 მოსწავლეზე გათვლილი კომაროვის სკოლის ფილიალის სასწავლო კორპუსისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში, აშენდება 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი.

ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქის კონცეფცია, ასევე, ითვალისწინებს კომაროვის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიული სასწავლებლის, მულტიფუნქციური ცენტრისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობას.

მჭადიჯვარში ასფალტის საფარის დაგების პროცესი მიმდინარეობს

მჭადიჯვარში ასფალტის საფარის დაგების პროცესი მიმდინარეობს.

მჭადიჯვრის მოსახლეობა ახალი გზით ისარგებლებს,დუშეთის მუნიციპალიტეტის ამ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა თითქმის დასრულებულია,პროექტის ღირებულება 573 153 ლარია.ადგილზე 30 ადამიანია დასაქმებული,რომელთა შორის ადგილობრივი მოსახლეობაც არის.

აღსანიშნავია,რომ მჭადიჯვარში საგზაო ინფრასტრუქტურა წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო,რის გამოც როგორც ფეხით ასევე ავტომობილით გადაადგილება მოსახლეობისთვის სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

მჭადიჯვარში მიმდინარე საგზაო სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა დაათვალიერეს.გუბერნატორის განცხადებით გზის პრობლემის მოგვარება ადგილობრივებმა ხელისუფლების წევრებს ღია შეხვედრების დროს სთხოვეს.

ბოდბის მონასტერთან მისასვლელი გზა, ავტოსადგომი და ვიზიტორთა ცენტრი შენდება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბის მონასტერთან მისასვლელ გზას, ავტოსადგომსა და ვიზიტორთა ცენტრს აშენებს.

ტურისტების და მომლოცველების ავტოტრანსპორტის სიმრავლის გამო მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას, რის გამოც ბოდბის მონასტერთან ხშირად იქმნებოდა საცობი.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, დამთვალიერებლები მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეძლებენ ისარგებლონ ორდონიანი ავტოსადგომით, რომელიც იქნება კეთილმოწყობილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

გურიის რეგიონში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გურიის რეგიონის 19 სოფელში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ჯამში, აშენდება 327 261 გრძივი მეტრი გაზსადენი და 4500-მდე აბონენტი შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.

სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაკვეთით შპს „ივერია 7“ აწარმოებს.

გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 14 სოფელში: მამათი (მამათის თემის 4 სოფელი), გაგური, ჭანჭათი, ორმეთი, ვაკე, ზედუბანი, ვანი, ზომლეთი, ბუკნარი, ბასილეთი, მეწიეთი.

ჯამურად, უკვე აშენდა 155 201 გრძივი მეტრი გაზსადენი და 1864 აბონენტი შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.

გასულ წელს, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავდა, სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა რეგიონის 3 მუნიციპალიტეტის 6 დასახლებულ პუნქტში: ჭალაში, აცანაში, ჭინათში, ქვენობანში, მზიანსა და დაბალ ეწერში.

ჯამში, აშენდა 89 066 გრძივი მეტრი გაზსადენი და 1200-მდე აბონენტს საშუალება მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.