საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 59 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტური კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს.
სკოლების მშენებლობის ტენდერი უკვე გამოცხადდა – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელს ჩხიკვთას, გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ქერეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფელ მაჩხაანის, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ საბირკენდის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩხაკოურის სკოლების პროექტირებასა და მშენებლობაზე.
2020 წლის ივლისში გამოცხადდება ტენდერი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათას სკოლის მშენებლობასა და პროექტირებაზე. პროგრამის ფარგლებში, გამოცხადებულია გურიის რეგიონში 8 სკოლის, ხოლო კახეთის რეგიონში 5 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი.
სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
შენობებში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
ამასთან, საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს 31 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია. 2020 წლის ივლისში ტენდერი 25 ბაღზე გამოცხადდება, საბავშვო ბაღების პროექტის საერთო საორიენტაციო ღირებულება 75 მილიონი ლარია.
პროექტებს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების (CEB და NEFCO) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.