Home Blog გვერდი 150

ფოთში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

ფოთში ახალი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის და საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში შენდება 350 ადამიანზე გათვლილი სპორტული დარბაზი და 2 საცურაო აუზი, მოეწყობა საშხაპეები, განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.

სპორტული კომპლექსის და საცურაო აუზის მშენებლობა 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ბაღდათი-ვანი-დაფნარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბაღდათი-ვანი-დაფნარის საავტომობილო გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძირითადად მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და ვანსა და დაფნარს აკავშირებს ერთმანეთთან
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 10 668 888 ლარია
ამ დროისთვის, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

კურორტ წყალტუბოს აღორძინება იწყება

უნიკალური სამკურნალო, სარეაბილიტაციო და ტურისტული პოტენციალის მქონე კურორტ წყალტუბოს რეაბილიტაცია იწყება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფოს ჰქონდა მცდელობები ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სტანდარტული მეთოდით მოეზიდა კერძო ინვესტიციები ტურისტული და სამკურნალო ბიზნესის გასავითარებლად, ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან განვითარების ერთიანი, კომპლექსური გეგმის და, რაც მთავარია, ამ გეგმის განხორციელების გარანტიის გარეშე, წერტილოვანი ინვესტიციების ჩადება ცალკე აღებულ ერთ სასტუმროში, ან ბალნეოლოგიურ სპა-ცენტრში, მაღალი რისკის მატარებელი იყო.

აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, პირადად ჩაუდგეს სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს და საკუთარი სახსრებით დაიწყოს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, არა მხოლოდ, ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით მისი უზრუნველყოფა.

საკუთარი გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილი გამოისყიდის, კურორტზე არსებულ, უკლებლივ ყველა ობიექტს. ამავდროულად, ქართულ ბიზნესს ექნება საშუალება, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში ჩაშვება, შეისყიდოს ნებისმიერი მათგანი, თანაც ისე რომ მაქსიმალური ფასი იქნება მხოლოდ თვითღირებულება.

ამ ნაბიჯით, ბიზნესს მიეცემა სიმყარე, რათა ის ნებისმიერ ეტაპზე შემოუერთდეს პროექტს, ხოლო, სახელმწიფოს სტიმული, გარანტირებული ინვესტიციის პირობებში, მაქსიმალურად განავითაროს ინფრასტრუქტურა.

წყალტუბოს განვითარების ხედვა და კონცეფცია, ეყრდნობა წამყვანი შვეიცარული საკონსულტაციო კომპანიის, KohL&Partners-ის მიერ შემუშავებულ გეგმას, რომლის ფარგლებშიც, წყალტუბოში დამატებით უნდა აშენდეს ბავშვთა მოედნები, წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები და რესტორნები. ამავდროულად, დაგეგმილია საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა პროფილურ სპეციალობებში.

წყალტუბოს განვითარებით სარგებელს მიიღებს არა მარტო იმერეთის რეგიონი, არამედ რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ხოლო რაჭის ახალი გზის დასრულების შემდეგ, ეს კიდევ უფრო გააადვილებს ტურისტებისთვის მარშრუტების დაგეგმვას ამ მიმართულებით.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობასთან ერთად, წყალტუბოს სრულფასოვანი რეაბილიტაცია-განვითარება იმერეთის მხარეს გადააქცევს ჯანმრთელობისა და ტურიზმის, ახალგაზრდობისა და განათლების მძლავრ, საერთაშორისო ცენტრად.

რეგიონში დასაქმდება 15 000 – 20 000 ადამიანი, რაც უპირობოდ გამოიწვევს მთელი იმერეთის მხარის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აღმავლობას.

ბიძინა ივანიშვილის გეგმის მიხედვით, წყალტუბო, უახლოეს წლებში, გახდება აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი და კონკურენციას გაუწევს დიდ მოთამაშეებს ცენტრალურ ევროპაში.

 

ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა

5-სართულიან შენობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 თანამშრომელი იმუშავებს, ტერიტორია გათვლილია 16 სახანძრო-სამაშველო მანქანაზე.

ეს არის სახანძრო-სამაშველო სამსახურის პირველი შენობა საქართველოში, რომელსაც ვერტმფრენის დასაჯდომი სივრცე აქვს.

შენობა უზრუნველყოფილია მეხანძრე-მაშველების სამუშაო და მოსასვენებელი პირობებით. მოწყობილია სავარჯიშო სივრცე, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების კაბინეტები.

შენობაში განთავსებულია საოპერატორო ოთახი და ქოლცენტრი.

ეზოში განთავსებულია წყლის 40-ტონიანი ავზი და სავარჯიშო კედელი.

ახალციხე-ნინოწმინდის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე 14.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის შესაბამისად, დაგეგემილია არსებული დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია. გაფართოვდება არსებული გზის სიგანე, რეაბილიტირდება 3 რკინა-ბეტონის ხიდი და წყალგამტარი მილები.

ამ დროისთვის, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული გზით ისარგებლებენ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ისე სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები, ასევე განხორციელდება სატრანზიტო გადაზიდვები.

700-მდე დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცა

0

თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი 700-მდე დევნილი ოჯახი გახდა.

ბინების გადაცემის შედეგად, თბილისში დევნილთა საცხოვრებელი 24 ნგრევადი ობიექტი დაიხურა.

თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. დამატებით, 270-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინები წლის ბოლოს გადაეცემა.

2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართით 21 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია სრულდება

0

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია სრულდება.

პროექტი ითვალისწინებს ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის, სასეირნო ბილიკების მოწყობას.

შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვარში დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

ატენში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო

ატენში წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობის მოწყობა დაიწყო.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

ახალციხეში ახალი სკვერი ეწყობა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ახალი სკვერი ეწყობა.

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ახალ სკვერში საბავშვო-გასართობი მოედანი, დასასვენებელი სივრცე და გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორები მოეწყობა, განთავსდება შესაბამისი ინვენტარი, სკვერის შიდა პერიმეტრი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და დამონტაჟდება გარე განათება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმდებარე კორპუსების მაცხოვრებლები თანამედროვე სტანდარტების მქონე რეკრეაციული სივრცით ისარგებლებენ.

ოზურგეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესის გზიდან, სოფელ ჯუმათის ცენტრის გავლით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სოფელ გაღმა დვაბზუდან – სოფელ ბახვის ცენტრალურ გზამდე, 2260 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის ასფალტო – ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა – რეაბილიტაცია გრძელდება. ახალი სამედიცინო პუნქტები შენდება ჭანიეთში, ნასაკირალში, გურიანთასა და კონჭკათში. ხოლო რეაბილიტაცია ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შემოქმედის, ურეკისა და ბოხვაურის ამბულატორიებს უტარდება.

ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.