უნიკალური სამკურნალო, სარეაბილიტაციო და ტურისტული პოტენციალის მქონე კურორტ წყალტუბოს რეაბილიტაცია იწყება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფოს ჰქონდა მცდელობები ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სტანდარტული მეთოდით მოეზიდა კერძო ინვესტიციები ტურისტული და სამკურნალო ბიზნესის გასავითარებლად, ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან განვითარების ერთიანი, კომპლექსური გეგმის და, რაც მთავარია, ამ გეგმის განხორციელების გარანტიის გარეშე, წერტილოვანი ინვესტიციების ჩადება ცალკე აღებულ ერთ სასტუმროში, ან ბალნეოლოგიურ სპა-ცენტრში, მაღალი რისკის მატარებელი იყო.

აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, პირადად ჩაუდგეს სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს და საკუთარი სახსრებით დაიწყოს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, არა მხოლოდ, ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით მისი უზრუნველყოფა.

საკუთარი გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილი გამოისყიდის, კურორტზე არსებულ, უკლებლივ ყველა ობიექტს. ამავდროულად, ქართულ ბიზნესს ექნება საშუალება, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში ჩაშვება, შეისყიდოს ნებისმიერი მათგანი, თანაც ისე რომ მაქსიმალური ფასი იქნება მხოლოდ თვითღირებულება.

ამ ნაბიჯით, ბიზნესს მიეცემა სიმყარე, რათა ის ნებისმიერ ეტაპზე შემოუერთდეს პროექტს, ხოლო, სახელმწიფოს სტიმული, გარანტირებული ინვესტიციის პირობებში, მაქსიმალურად განავითაროს ინფრასტრუქტურა.

წყალტუბოს განვითარების ხედვა და კონცეფცია, ეყრდნობა წამყვანი შვეიცარული საკონსულტაციო კომპანიის, KohL&Partners-ის მიერ შემუშავებულ გეგმას, რომლის ფარგლებშიც, წყალტუბოში დამატებით უნდა აშენდეს ბავშვთა მოედნები, წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები და რესტორნები. ამავდროულად, დაგეგმილია საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა პროფილურ სპეციალობებში.

წყალტუბოს განვითარებით სარგებელს მიიღებს არა მარტო იმერეთის რეგიონი, არამედ რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ხოლო რაჭის ახალი გზის დასრულების შემდეგ, ეს კიდევ უფრო გააადვილებს ტურისტებისთვის მარშრუტების დაგეგმვას ამ მიმართულებით.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობასთან ერთად, წყალტუბოს სრულფასოვანი რეაბილიტაცია-განვითარება იმერეთის მხარეს გადააქცევს ჯანმრთელობისა და ტურიზმის, ახალგაზრდობისა და განათლების მძლავრ, საერთაშორისო ცენტრად.

რეგიონში დასაქმდება 15 000 – 20 000 ადამიანი, რაც უპირობოდ გამოიწვევს მთელი იმერეთის მხარის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აღმავლობას.

ბიძინა ივანიშვილის გეგმის მიხედვით, წყალტუბო, უახლოეს წლებში, გახდება აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი და კონკურენციას გაუწევს დიდ მოთამაშეებს ცენტრალურ ევროპაში.

 

Previous articleზუგდიდში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა
Next articleბაღდათი-ვანი-დაფნარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს