Home Blog გვერდი 129

ოზურგეთის მერიამ სოციალური საცხოვრისის ბინადრებს პროდუქტები გადასცა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, მერის მოადგილე ირაკლის სირაძემ და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ინწკირველმა ოზურგეთის სოციალური საცხოვრისის მობინადრეებს პირველადი საჭიროების პროდუქტები გადასცეს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში მერია საქველმოქმედო აქციებს მომავალშიც გააგრძელებს.

უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად რეისები ბარსელონადან და ვარშავიდანაც შესრულდება

0

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ უცხო ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებად კიდევ ორი რეისი დაინიშნა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით პრემიერ-მინისტრთან უშუალო კოორდინაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს საქართველოს მოქალაქეების უცხოეთიდან ეტაპობრივ დაბრუნებაზე.

„ჩვენ უკვე განვახორციელეთ რამდენიმე რეისი ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებთან“ ერთად და ვმუშაობთ ასევე შემდგომ ეტაპობრივ გამოყვანაზე ჩვენი მოქალაქეების. როგორც უკვე საზოგადოებას ვაუწყეთ, უახლოესი ფრენების განრიგი არის შემდეგნაირი, 7 აპრილს განხორციელდება ფრენა თბილისი-ათენის მიმართულებით, 10 აპრილს თბილისი-ლარნაკას მიმართულებით, 12 აპრილს, თბილისი-ბერნილი-თბილისის მიმართულებით, 14 აპრილს თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით. ეს არის ის რეისები, რომლებიც უკვე იყო დაანონსებული და რომელზეც დაიწყება ორი დღით ადრე ბილეთების გაყიდვა. ეს იქნება ჯანდაცვის მსოფლი ორგანიზაციის შესაბამისად. ჩვენ ამ მიმართულებებიდან ეტაპობრივად დავაბრუნებთ ჩვენს მოქალაქეებს. გუშინ ჩვენ გამოვაცხადეთ სამი ახალი მიმართულება, ეს გახლავთ 16 აპრილს თბილისი-პარიზი-თბილისი, 18 აპრილს თბილისი-თელავივი-თბილისი და 21 აპრილს თბილისი-რომი-თბილისი. ყოველდღიურად საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, საბჭოს წევრებს და პრემიერ-მინისტრს ვუყვები ამ პროცესის შესახებ და ვიღებ შესაბამის მითითებებს. დღევანდელი ჩვენი კონსულტაციების შედეგად კიდევ ორი ახალი მიმართულება დაემატება. 24 აპრილს და 27 აპრილს განხორციელდება თბილისი-ბარსელონა-თბილისის მიმათულებით და ასევე თბილისი-ვარშავას მიმართულებით. ეს ფრენებიც განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წესების შესაბამისად. ბილეთები გაიყიდება ორი დღით ადრე და ბუნებრივია, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღეისათვის სამშობლოში 5 ათასამდე მოქალაქეა დაბრუნებული.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დამატებითი რეისები განხორციელდება

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები შემდეგი მიმართულებით: 16 აპრილი – პარიზი-თბილისი ; 18 აპრილი – თელავივი-თბილისი ; 21 აპრილი – რომი-თბილისი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”.

ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღის ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.

მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება: 7 აპრილი – ათენი-თბილისი ; 10 აპრილი – ლარნაკა – თბილისი; 12 აპრილი – ბერლინი-თბილისი; 14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი.

მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სასურსათო კალათების გადაცემა გრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფებისთვის სასურსათო კალათების გადაცემას. ამჯერად, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში, მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად სხვადასხვა ორგანიზაცია და ბიზნესმენები ჩაერთვნენ.

,,ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელისუფლება ზრუნავს იმ მოქალაქეებზე ვისაც ჩვენი თანადგომა განსაკუთრებით სჭირდება, ამიტომაც ჩვენი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოხდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება. ამჯერად ჩვენ ვიმყოფებით ზუგდიდში, სადაც 1400 ოჯახისთვის სასურსათო პაკეტი მომზადდა და მათი დარიგება ბენეფიციარებისთვის თვითმმართველობის თანამშრომლების და მოხალისეების მიერ მოხდება. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მერიამ უკვე გასცა 700-ზე მეტი ოჯახისთვის სასურსათო პროდუქტი” – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა.

შემოწირული პროდუქტი სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის საჭიროებებისა და პრობლემების მოგვარებას მოხმარდება. სასურსათო ნობათს ოჯახებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოხალისეები დაურიგებენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ანაზღაურებას იღებენ

0

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ანაზღაურებას იღებენ, რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, ჩვენ დავუკავშირდით კომპანიას და დავიქირავეთ მიკროავტობუსები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ჩვენი თანამშრომლები არიან, ჩვეულებრივად იღებენ ფიქსირებულ ხელფასს და გამომუშავებაზე არ არიან დამოკიდებულები. რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს კომპანიასთან. კლინიკებს, ექიმებს, ხანდაზმულ ადამიანებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ვუგროვებთ გარკვეულ პროდუქტებს, რომლებსაც ტრანსპორტირება სჭირდება. ჩვენ დავუკავშირდით კომპანიას და დავიქირავეთ მიკროავტობუსები. იგივე ხდება ექიმების ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანისას, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დასაქმებული მუშების ორგანიზებული ტრანსპორტირებისას, რათა დაცული იყოს მათი უსაფრთხოება. მინდა, თითოეულ მძღოლს მადლობა გადავუხადო ამ თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აჭარის მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

0

აჭარის მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი მომდევნო სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს ​კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში ჩარიცხავს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, იმედი აქვს, რომ მთავრობის ინიციატივაში სხვა უწყებებიც ჩაერთვებიან.

„მინდა გაცნობოთ, რომ აჭარის მთავრობა, მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით, უერთდება გუშინ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც გულისხმობს, რომ შემდეგი სამი თვის განმავლობაში ჩვენი ხელფასებიდან 1/3 ჩაირიცხება კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთლიანად მსოფლიოში, პანდემიას ახლავს შესაბამისი პრობლემები. ძალიან ბევრ ადამიანს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს შეექმნა რიგი პრობლემები და აქ მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა, ჩვენი სოლიდარობა და ამ ნაწილში დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი სხვა უწყებაც აგვიბამს მხარს. გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლების ყველა რგოლი ჩართვება ამ პროგრამაში. ამ ინიციატივას უერთდება არა მხოლოდ აღმასრულებელი გუნდი, უერთდება უმაღლესი საბჭოც“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის პარალელურად სოლიდარობის აქციაში ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოც ერთვება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განცხადებით, სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს უმრავლესობის დეპუტატებიც გადარიცხავენ ფონდში.

პირბადეები სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდება

0

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მალე პირბადეები, რომელთა წარმოებაც საქართველოში 2 კვირის წინ დაიწყო, სააფთიაქო ქსელში ხელმისაწვდომ ფასად გამოჩნდება.

პირბადეების წარმოების საკითხში, როდესაც ავაწყვეთ სტაბილურად ნედლეულის მოწოდების საკითხი, რაც მარტივი არ იყო, რადგან დოლბანდი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ საქართველოში არ იწარმოება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაქსიმალურად ვეცდებით, შემდეგი კვირიდან ეს პირბადეები სააფთიაქო ქსელებში გამოჩნდეს, ჩვეულებრივ გაყიდვაში.

წინასწარ მოგახსენებთ პირობებისა და ფასის შესახებ. ამ ეტაპზე გეტყვით, რომ ფასი იქნება ხელმისაწვდომი. რაოდენობას რაც შეეხება, შესაძლოა პირველ ეტაპზე სრულად ვერ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნები, მაგრამ მიხარია, რომ სხვა საწარმოებიც ამუშავდა და ისინიც კერავენ პირბადეებს. ამის გარდა, იკერება ჩვენი დახმარებით სხვადასხვა სამედიცინო დამცავი საშუალებებიც,”- აღნიშნა ნათია თურნავამ.

იზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად მზადაა

0

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ იზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად მზად არიან.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ხდება კლინიკების მონიტორინგი და მათი აღჭურვილობის სრულყოფა.

„დღესდღეობით უკვე 20 კლინიკაა საქართველოს მასშტაბით სრულად მობილიზებული, რომ მიიღოს კორონავირუსით დადასტურებული და ასევე ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები. გარდა ამისა, ორშაბათიდან ჩაერთვება კიდევ დამატებით ცხრა კლინიკა და პაციენტების ზრდასთან ერთად, შესაძლებლობა არის, ჩაერთოს დამატებით კიდევ ექვსი კლინიკა, რომელიც იქნება სრულად მობილიზებული „კოვიდთან“ ბრძოლაში.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რეგულირების სააგენტოს ყველა თანამშრომლები ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს ამ ჰოსპიტლებზე, რის შედეგადაც, გვაქვს მუდმივი უკუკავშირი და ყველა იმ საჭიროებისა და პრობლემატიკის აღრიცხვა ხდება, რომელიც ფიქსირდება საავადმყოფოებში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეტაპობრივად 31 საავადმყოფო ჩაერთვება რეგიონებში, რომლებიც მიიღებენ „კოვიდის“ პაციენტებს და ასევე ცხელების პაციენტებს. მოხდება მათ ტრიაჟი ადგილზე და შესაბამისად, გადამისამართებული იქნებიან ან სახლში, თვითიზოლაციაში, საკარანტინო ზონაში, ოჯახის ექიმის მართვის კუთხით და რთულ შემთხვევებში, გადაყვანილი იქნებიან საავადმყოფოებში, სადაც მოხდება უკვე მათი ჰოსპიტალში განთავსება და ექიმების მხრიდან მათი მკურნალობის დაწყება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

თბილისის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება

0

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება.

„ვაგრძელებთ სამუშაოებს, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით ქუჩების მორეცხვას გულისხმობს. ამ ღამისთვის ავიღეთ სამი კონკრეტული ქუჩა: პეკინისა და კოსტავას ქუჩები, ასევე, ვარკეთილში ცენტრალური ასასვლელ-ჩამოსასვლელები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. ამ ღონისძიებას ვახორციელებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურთან ერთად, ჩართულები არიან „თბილსერვისის ჯგუფის“ თანამშრომლებიც. პრევენციული ღონისძიებები კორონავირუსთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დეზინფექცია, რომელიც პეკინის გამზირიდან დაიწყო, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ თავდაპირველად, დედაქალაქის რამდენიმე მთავარ ქუჩაზე ჩაატარა. სამუშაოების ფარგლებში, სპეციალური ხსნარით ასევე, დამუშავდა რუსთაველის გამზირი, ბარათაშვილის ქუჩა და ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორია მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“.

გზის მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. გარდა ამისა, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, დედაქალაქში ხიდები, გვირაბები და პანდუსები ეტაპობრივად მოირეცხება. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

მდინარე ქსანზე ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი – სენაკი – ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე, იგოეთი-თბილისის მონაკვეთზე, მდ. ქსანზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

არსებული ხიდი, რომელიც  პატარა ხანდასა და მუხრანთან ახლოს  მდინარე ქსანზე მდებარეობდა, ავარიული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა დემონტაჟს.

პროექტის შესაბამისად, ახალი  რკინა-ბეტონის 6-მალიანი ხიდი შენდება. ხიდის მთლიანი სიგრძე 195 მ-მდე, ხოლო სიგანე 14 მეტრია. ამ ეტაპზე, სამუშაო ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროექტის ვადაზე ადრე, მიმდინარე წელსვე დასრულება იგეგმება.

მდ. ქსანზე აშენებული ახალი ხიდი საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილი იქნება და ორივე მიმართულებით უსაფრთხო და კომფორტულ ცალმხრივ მოძრაობას უზრუნველყოფს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინასდება და მისი ღირებულება 4 145 905 ლარია.