ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფებისთვის სასურსათო კალათების გადაცემას. ამჯერად, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში, მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად სხვადასხვა ორგანიზაცია და ბიზნესმენები ჩაერთვნენ.
,,ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელისუფლება ზრუნავს იმ მოქალაქეებზე ვისაც ჩვენი თანადგომა განსაკუთრებით სჭირდება, ამიტომაც ჩვენი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოხდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება. ამჯერად ჩვენ ვიმყოფებით ზუგდიდში, სადაც 1400 ოჯახისთვის სასურსათო პაკეტი მომზადდა და მათი დარიგება ბენეფიციარებისთვის თვითმმართველობის თანამშრომლების და მოხალისეების მიერ მოხდება. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მერიამ უკვე გასცა 700-ზე მეტი ოჯახისთვის სასურსათო პროდუქტი” – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა.
შემოწირული პროდუქტი სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის საჭიროებებისა და პრობლემების მოგვარებას მოხმარდება. სასურსათო ნობათს ოჯახებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოხალისეები დაურიგებენ.