კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება.
„ვაგრძელებთ სამუშაოებს, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით ქუჩების მორეცხვას გულისხმობს. ამ ღამისთვის ავიღეთ სამი კონკრეტული ქუჩა: პეკინისა და კოსტავას ქუჩები, ასევე, ვარკეთილში ცენტრალური ასასვლელ-ჩამოსასვლელები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. ამ ღონისძიებას ვახორციელებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურთან ერთად, ჩართულები არიან „თბილსერვისის ჯგუფის“ თანამშრომლებიც. პრევენციული ღონისძიებები კორონავირუსთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დეზინფექცია, რომელიც პეკინის გამზირიდან დაიწყო, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ თავდაპირველად, დედაქალაქის რამდენიმე მთავარ ქუჩაზე ჩაატარა. სამუშაოების ფარგლებში, სპეციალური ხსნარით ასევე, დამუშავდა რუსთაველის გამზირი, ბარათაშვილის ქუჩა და ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორია მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“.
გზის მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. გარდა ამისა, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, დედაქალაქში ხიდები, გვირაბები და პანდუსები ეტაპობრივად მოირეცხება. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ნაგავშემკრებ კონტეინერებს.