Home Blog გვერდი 128

მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში უკვე საქართველოს 5 319 მოქალაქე დაბრუნდა

0

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებული დაბრუნების ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების და სახმელეთო გზით ამ დროისთვის საქართველოში 5319 ადამიანი დაბრუნდა. შესაბამის სტატისტიკას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

სამინისტროს ცნობით, უწყების ვებგვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები კოვიდ 19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ.

აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ, სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვასა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკას.

2020 წლის 11 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 3571 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში მთავრობის ხელშეწყობით ორგანიზებულად დაბრუნდა 5319 მოქალაქე.

 

პირიქითა ხევსურეთში ოჯახებს ძირითადი მოხმარების საკვები პროდუქტები გადაეცათ

პირიქითა ხევსურეთის სოფლებში მცხოვრებ 50-მდე ოჯახს ძირითადი მოხმარების საკვები პროდუქტებით დაკომპლექტებული პაკეტები გადაეცათ.

რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო, შატილისა და არხოტის სოფლები გარე სამყაროს ჯერ კიდევ მოწყვეტილია და მოსახლეობასთან კომუნიკაცია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით ხდება.

ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს დათვისჯვარის უღელტეხილის გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულება უახლოეს პერიოდში იგეგმება, რის შემდეგაც ადგილობრივები საავტომობილო ტრანსპორტით გადაადგილებას შეძლებენ.

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, დუშეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სოციალური აქტივობა ხორციელდება. რამდენიმე დღის წინ, ქალაქ დუშეთის უფასო სასადილოს 125 ბენეფიციარს და მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ოჯახებს 1 თვის სასურსათო მარაგი გადაეცათ.

შშმ პირებს არამალფუჭებადი პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები გადაეცათ

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს არამალფუჭებადი პროდუქტისა და პირველადი მოხმარების საგნებისგან შემდგარი პაკეტები გადაეცათ.

აღნიშნული პაკეტები შპს „ავერსი ფარმამ“ და კომპანია „გალფმა“ გამოყო, რომლებიც ჯამში, 333 შშმ პირს გადაეცემა.

არამალფუჭებადი პროდუქტისა და პირველადი მოხმარების საგნებისგან შემდგარი პაკეტები ბიზნესსექტორის ჩართულობით, თბილისის მერიამ სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრებ ოჯახებს, ასევე, მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტებში დასაქმებულ ხანდაზმულ თანამშრომლებს უკვე გადასცა.

დედაქალაქის მერია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეების დახმარებას მომავალშიც განაგრძობს.

ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში განხორციელებული ქველმოქმედება 3 მლრდ დოლარს შეადგენს

0

წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში განხორციელებული ქველმოქმედება 3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ქველმოქმედებისთვის გაღებული 3 მილიარდი დოლარიდან 500 მილიონი ჯანდაცვის სფეროს მოხმარდა, ხოლო 100 მილიონი ლარი – კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადაირიცხა.

ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა

0

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილმა „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა.

ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი გუშინ გვიან ღამით გაიზარდა, რაც საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე აისახა.

ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის ჯამში 124 543 899 ლარია მობილიზებული.

StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და მასში აკუმულირებული თანხა
იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს კერძო კომპანიებმა და ფიზიკურმა პირებმა.

ქართული წარმოების პირბადეები შაბათიდან აფთიაქებში გაიყიდება

0

ქართული წარმოების პირბადეები შაბათიდან აფთიაქებში უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საწყის ეტაპზე 400 000 მრავალჯერადი მოხმარების პირბადე გაიყიდება.

“2 დღე იქნება საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს მასშტაბით წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს ეს პირბადეები”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, ქართული წარმოების პირბადეები, საქართველოს მასშტაბით “ავერსში“, “ფარმადეპოში”, “პსპ”-სა და “ჯიპისი”-ში გაიყიდება. მისი ღირებულება 50 თეთრი იქნება.

“მთლიანად სახელმწიფო და ჩვენი სამინისტრო ახდენს ნედლეულის მობილიზებას. ნედლეულის მოწოდება ხდება სხვადასხვა ქვეყნიდან, ამას თავისი ღირებულება გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ სამკერვალო კომპანიები უსასყიდლოდ გვიკერავენ პირბადეებს, მაგრამ თვითონ ნედლეულის ღირებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს თითო პირბადის შეკერვა უჯდება 1 ლარზე მეტი. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვინდა, პირბადეები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, აფთიაქებში პირბადეები გაიყიდება 50 თეთრად, სახელმწიფო მოახდენს სუბსიდირებას”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

პირბადეების წარმოება პროექტის “აწარმოე საქართველოში”-ს ფარგლებში ხორციელდება.

ალექსანდრე მოწერელიამ 5 წლის ქრისტინე ფანჩავიძეს აჩუქა ნივთები, რომლებზეც ის ოცნებობდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხუთი წლის ქრისტინე ფანჩივაძეს, რომელიც სოციალურ ქსელებში ,,ლუღის“ სახელით გახდა ცნობილი, სამეგრელოს გუბერნატორმა პირადი სახსრებით ის ნივთები აჩუქა, რომლებზეც გოგონა ოცნებობდა.

ალექსანდრე მოწორელიამ პატარა გოგონას საწოლი, ველოსიპედი, კომპიუტერი და ტკბილეული გადასცა.

ოჯახი სოციალურად დაუცველია და მძიმე პირობებში ცხოვრობს. გუბერნატორის თქმით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ამ ოჯახის საცხოვრებელი პირობების მოგვარებას და პატარა გოგონას მამის დასაქმებას გეგმავს.

გურიაში მოძრავმა „სასურსათო მაღაზიებმა“ დაიწყო მუშაობა

0

გურიის რეგიონში მოძრავმა „სასურსათო მაღაზიებმა“ დაიწყო მუშაობა.

მუნიციპალიტეტების იმ სოფლებში, სადაც მაღაზია არ ფუნქციონირებს და ადგილობრივებს ტრანსპორტით გადაადგილება უჭირთ, განსაკუთრებით კი მაღალმთიან სოფლებში, მოსახლეობას მოძრავი „სასურსათო მაღაზია“ ადგილზე მოემსახურება.

მაღაზიების მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს, სახლიდან გაუსვლელად სხვადასხვა სახის პროდუქტი შეიძინონ.

„სასურსათო მაღაზიების“ გადაადგილება რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში კვირაში ორჯერ განხორციელდება.

ტყიბულში წყლის გამწმენდი ნაგებობის პროექტირება–მშენებლობა იწყება

ტყიბულის წყლის გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობა იწყება.

ქალაქში არსებული წყლის გამწმენდი ნაგებობა გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა.

პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი წყლის გამწმენდი ნაგებობა აშენდება. პროექტის დასრულების შემდეგ 10 000-მდე ადგილობრივს გაუუმჯობესდება წყლის მიწოდება და ხარისხი.

სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2020 წლის ბოლოს. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

StopCoV ფონდში ხელფასის ნაწილის გადარიცხვის ინიციატივას სამთავრობო უწყებები, კერძო კომპანიები და საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ

„ქართული ოცნების“ ინიციატივას StopCoV ფონდში სამი თვის ხელფასის ერთი მესამედის გადარიცხვის შესახებ, მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შემდეგ თბილისის მერი, მოადგილეები, საკრებულოს წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, აფხაზეთისა და აჭარის მთავრობები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, საპარტნიორო ფონდი, ბიზნესმენები და საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

„ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდის სოლიდარობის ინიციატივას 3 აპრილს თბილისის მერია და საკრებულო შეუერთდა. მერიისა და მუნიციპალიტეტის პოლიტიკური თანამდებობის პირები მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ. განცხადებები ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ გააკეთეს.

იმავე დღეს სოლიდარობის ინიციატივას შეუერთდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ინიციატივას გამოეხმაურნენ და ფონდში 3 თვის ხელფასის ერთი მესამედის გადარიცხვის შესახებ განცხადებები გააკეთეს აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ და ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანომ.

4 აპრილს სოლიდარობის ინიციატივას შეუერთდნენ სამხარეო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, რის შესახებაც განცხადებები გააკეთეს მხარის გუბერნატორებმა, მუნიციპალიტეტების მერებმა, საკრებულოებმა.

სოლიდარობის ინიციატივაში იმავე დღეს ჩაერთო საპარტნიორო ფონდი, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, რომ მომდევნო სამი თვის ხელფასის ერთ მესამედს StopCoV ფონდში გადარიცხავს.
COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში საკუთარ წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვეს ასევე ბიზნესმენებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

სოლიდარობის ინიციატივას შეუერთდა „კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო“, უროლოგი გოგი ბოჭორიშვილი, ფსიქოლოგი თამარ კაპანაძე, რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, მომღერლები სოფო ხალვაში და დათუნა სირბილაძე და სხვა.

„ქართული ოცნების“ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივით, StopCoV ფონდში ასეულობით ათასი ლარის მობილიზება იქნება შესაძლებელი, რაც მიმართული იქნება იმ მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებსაც პანდემიამ სხვაზე მეტი ზიანი მიაყენა.
დღისათვის StopCoV ფონდში 23 მილიონ 500 ათას ლარზე მეტია მობილიზებული. ფონდში შენატანები განახორციელეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, რომელთა ოჯახებსაც აქვთ დამატებითი კომერციული შემოსავლები, კერძო კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა.