ქართული წარმოების პირბადეები შაბათიდან აფთიაქებში უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საწყის ეტაპზე 400 000 მრავალჯერადი მოხმარების პირბადე გაიყიდება.
“2 დღე იქნება საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს მასშტაბით წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს ეს პირბადეები”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის ინფორმაციით, ქართული წარმოების პირბადეები, საქართველოს მასშტაბით “ავერსში“, “ფარმადეპოში”, “პსპ”-სა და “ჯიპისი”-ში გაიყიდება. მისი ღირებულება 50 თეთრი იქნება.
“მთლიანად სახელმწიფო და ჩვენი სამინისტრო ახდენს ნედლეულის მობილიზებას. ნედლეულის მოწოდება ხდება სხვადასხვა ქვეყნიდან, ამას თავისი ღირებულება გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ სამკერვალო კომპანიები უსასყიდლოდ გვიკერავენ პირბადეებს, მაგრამ თვითონ ნედლეულის ღირებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს თითო პირბადის შეკერვა უჯდება 1 ლარზე მეტი. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვინდა, პირბადეები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, აფთიაქებში პირბადეები გაიყიდება 50 თეთრად, სახელმწიფო მოახდენს სუბსიდირებას”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
პირბადეების წარმოება პროექტის “აწარმოე საქართველოში”-ს ფარგლებში ხორციელდება.