Home Blog გვერდი 108

დუშეთის პირველ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

დუშეთის მუნიციპალიტეტის ნომერ პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა.

ვაჟა ფშაველას სახელობის ისტორიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამორტიზებულია, ხუთასამდე მოსწავლე სწავლობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მოსწავლეები დუშეთის ნომერ მეორე სკოლაში ივლიან.

კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები გათვალისწინებულ ვადებში  – 365 დღეში უნდა დაასრულოს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ 868 848 ლარია.

შენობას რეაბილიტაცია როგორც შიდა, ისე გარე ნაწილშიც ჩაუტარდება.

პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდება.

სკოლა აღიჭურვება ახალი ინვენტარით და ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ჭიათურაში საბაგირო გზების მშენებლობა სრულდება

საბაგირო გზებისა და სადგურების მშენებლობის შედეგად, სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება.

სამშენებლო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვნენ ფრანგული კომპანიების ,,ტექკაბელის“ და ,,პომას“ სპეციალისტები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, ბიზნეს ვიზიტორებისთვის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, საქართველოში პირველივე რეისით ჩამოვიდნენ.

ამ დროისთვის, დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა და ორი მიმართულებით ბაგირის მონტაჟი, დაგეგმილი სამუშაო კი ბაგირის დანარჩენი ორი მიმართულების მშენებლობას, ოთხივე სადგურის ტესტირებას და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას გულისხმობს.

,,ტექკაბელის“ და ,,პომას“ ფრანგმა სპეციალისტებმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ქვეყანაში შემოსვლისთანავე, გაიარეს PCR ტესტირება და ექიმის დასკვნის საფუძველზე ჩაერთვნენ სამუშაოებში. მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, ფრანგები 14 დღის განმავლობაში, 3 დღეში ერთხელ გაივლიან PCR ტესტირებას. ასევე, საქართველოში მოქმედი ყველა რეგულაცია დაცული იქნება სამუშაოების წარმოებისას.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, ფონდი ჭიათურის საბაგირო გზების მშენებლობის სამუშაოებს 2020 წლის შემოდგომაზე დაასრულებს.

შიდა ქართლის რეგიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები განახლდა

შიდა ქართლის რეგიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები განახლდა. გორის, ქარელისა და კასპის გადაუდებელი დახმარების სამსახურებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომობილები გადასცა.

ამ ეტაპზე შიდა ქართლს სულ 5 ავტომობილი გადაეცა. მათგან 3 – გორში, 1 ქარელში და 1 კასპში განთავსდა.

მიმდინარე წლის 21 ივლისს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი კიდევ ერთხელ განახლდა.

ცენტრს 60 ახალი ავტომობილი გადაეცა, რომელთაგან 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაა, ხოლო 15 – მაღალი გამავლობის რეანიმობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.

ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.

თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს ახალი ავტომობილები გადაეცა

0

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის განხორციელება დაიწყო. დღეს ორხევის საავტომობილო ბაზაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის ახალი ავტომობილების გადაცემის პირველი ეტაპი განხორციელდა.

ქართველი სამხედროები Toyota Hilux ტიპის პიკაპითა და Toyota Land Cruiser ტიპის ყველგანმავალი ახალი სატრანსპორტო საშუალებებით ისარგებლებენ.

ახალი საავტომობილო ტექნიკის მიწოდება თავდაცვის სამინისტროსა და შესაბამის პოზიციებში გამარჯვებულ მომწოდებელ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ხორციელდება. მათ შორისაა მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიები – გერმანული „MAN“, იტალიური „IVECO“ და ამერიკული „FORD“.

პროექტი ჯარის სპეცტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ სპეცტექნიკისთვის საჭირო ღირებულებას თავდაცვის უწყება ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიხდის.

 

თავდაცვის ძალებში საავიაციო პარკის სრული მოდერნიზება და განახლება დაიწყო

0

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული პროექტი ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით დაიწყო.

მალე საქართველოს თავდაცვის ძალებს განახლებული და მოდერნიზებული საავიაციო პარკი ეყოლება. თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებულ საფრენ საშუალებებს – Su-25 ტიპის თვითმფრინავებსა და Mi-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენებს დემონტაჟი მარნეულის საავიაციო ბაზაზე ჩაუტარდა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის უკვე საავიაციო ქარხანაშია გადატანილი.

საავიაციო პარკის განახლების პროცესი შესაბამისი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება.  საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პარალელურად, პროექტი პირადი შემადგენლობის მომზადებასა და გადამზადებას, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.

საფრენი საშუალებების განახლების პროცესში შესაბამისი დარგის სამხედრო და სამოქალაქო ქართველი სპეციალისტები ერთობლივად არიან ჩართული, რაც თავდაცვის მინისტრის მიერ გაცხადებულ ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარებას კიდევ უფრო უწყობს ხელს.

კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ „მინისტრის ხედვაში“ გაწერილ თავდაცვის ძალების განვითარების გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს და მიზნად საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერებასა და განვითარებას ისახავს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში აბარსა და ჟოშხაში წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მიმდინარეობს სოფელ აბარის წყლის რეაბილიტაცია. შემსრულებელია შპს “ჯორჯიან პლასტიკი“. პროექტის ღირებულება 148 512 ლარს შეადგენს.

ასევე, მიმდინარეობს სოფელ ჟოშხაში წყალსადენის მთავარი მაგისტრალის შეცვლის სამუშაოები.
შემსრულებელი შპს “ჯითი ჰოლდინგი”, პროექტის ღირებულება 248 737 ლარია.

მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალგაყვანილობისა და გათბობის სისტემები, პანდუსები.

ორსართულიანი ევროპული სტანდარტების დონის შენობა 60 აღსაზრდელზეა გათვლილი.

აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

რუსთავში ახლად რეაბილიტირებული კოსტავას გამზირი გაიხსნა

რუსთავში ახლად რეაბილიტირებული კოსტავას გამზირი გაიხსნა.

ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ისტორიული ქუჩა სადაც რამდენიმე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული, სრულად რეაბილიტირებულია. არქიტექტურული სტილის შენარჩუნებითაა აღდგენილი ფასადები, გამოცვლილია ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია და წყალარინების სისტემა.

განახლებულია ასფალტის საფარი, სპეციალური ფილებითაა მოპირკეთებული ტროტუარები. მოწყობილია გარე განათების ენერგოეფექტური ქსელი, რეკრეაციული სივრცე, ველობილიკები, დახაზულია საპარკინგე ზონები და გადასასვლელები.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 60 ავტომობილი გადაეცა

0

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 60 ავტომობილი გადაეცა.

მათგან – 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების სტანდარტული მანქანაა, ხოლო – 15 მაღალი გამავლობის რეანიმობილი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა შორის კრიტიკული პაციენტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.

აღნიშნული ავტომობილებიდან მაღალი გამავლობის რვა სასწრაფო დახმარების მანქანა დედაქალაქს მოემსახურება, დანარჩენი კი რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.

გურჯაანში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. გურჯაანის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. ცენტრს კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გადაეცა სრულად აღჭურვილი რეანიმობილი.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. ამ დრომდე, გურჯაანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომელთათვის შესაბამისი პირობები არ არსებობდა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.