საბაგირო გზებისა და სადგურების მშენებლობის შედეგად, სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება.
სამშენებლო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვნენ ფრანგული კომპანიების ,,ტექკაბელის“ და ,,პომას“ სპეციალისტები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, ბიზნეს ვიზიტორებისთვის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, საქართველოში პირველივე რეისით ჩამოვიდნენ.
ამ დროისთვის, დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა და ორი მიმართულებით ბაგირის მონტაჟი, დაგეგმილი სამუშაო კი ბაგირის დანარჩენი ორი მიმართულების მშენებლობას, ოთხივე სადგურის ტესტირებას და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას გულისხმობს.
,,ტექკაბელის“ და ,,პომას“ ფრანგმა სპეციალისტებმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ქვეყანაში შემოსვლისთანავე, გაიარეს PCR ტესტირება და ექიმის დასკვნის საფუძველზე ჩაერთვნენ სამუშაოებში. მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, ფრანგები 14 დღის განმავლობაში, 3 დღეში ერთხელ გაივლიან PCR ტესტირებას. ასევე, საქართველოში მოქმედი ყველა რეგულაცია დაცული იქნება სამუშაოების წარმოებისას.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, ფონდი ჭიათურის საბაგირო გზების მშენებლობის სამუშაოებს 2020 წლის შემოდგომაზე დაასრულებს.