Home Blog გვერდი 106

სოფელ ბახვის საჯარო სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება

სსიპ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოები ითვალისწინებს სკოლის შენობის სრულ განახლებას – შენობის გადახურვას, ეზოს შემოღობვას, გათბობის სისტემის დამონტაჟებას, საკლასო ოთახების, სპორტული დარბაზის, დერეფნების შეკეთებასა და სველი წერტილების მოწყობას.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების განახლების პროცესი ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება.

სკოლის სრული რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და პროექტის ჯამური ღირებულება 1 125 818 ლარს შეადგენს.

სოფელ ბახვის სკოლა იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის მიერ 1870 წელს დაარსდა და დღემდე მის სახელს ატარებს. ახლანდელი შენობა 1934 წელს აშენდა და იგი 700 მოსწავლეზეა გათვლილი. ამჟამად სკოლაში 120 მოსწავლე სწავლობს.

ხაშურის მაგისტრალური შემოვლითი გზის 4-ზოლიანი ნაწილის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

აგვისტოს მეორე ნახევარში ხაშურს ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება.

აგვისტოს ბოლოს ამ გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე გაიხსნება 4 ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ დროებით იქნება 2 ზოლიანი. დარჩენილ 1.5 კმ გზაზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13-ვე კილომეტრი 4 ზოლიანი იქნება.

ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაურთდება არსებულ გზას. ამ მონაკვეთზე აშენდა 420 მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა.

ხაშურის შემოვლითი გზა ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის ნაწილია და ორივე მონაკვეთის დასრულების შემდეგ გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა. ამ გზით გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს და ჩუმათელეთს.

რაც შეეხება ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის 6.4 კმ-იანი გზის მშენებლობას, ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო წინადადებების შერჩევა-შეფასება პროცესი.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ამ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო.

ფონდი “ქართუს” დაფინანსებით ოზურგეთის თეატრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

0

ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს სრული რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ჩაუტარდა.

ფონდმა „ქართუმ“ თეატრის რეაბილიტაციისთვის 18 მილიონი ლარი გამოყო, სამუშაოებზე დასაქმდა 120 ადამიანი.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში განთავსებულია ორი სცენა, რამდენიმე სარეპეტიციო ოთახი, ახალი საგრიმიოროები, რადიო სტუდია რადიოსპექტაკლების ჩასაწერად და სხვა.

შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ოზურგეთის თეატრი 1961 წელს აშენდა და მნიშვნელოვან კულტურულ ობიექტს წარმოადგენს.

ფონდმა „ქართუმ“ ჯანდაცვის სამინისტროს 4 მილიონი პირბადე გადასცა

0

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართული კომპანია სამედიცინო პირბადეების წარმოებას აგრძელებს. ადგილობრივი წარმოების ოთხი მილიონი სამედიცინო პირბადე, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდმა „ქართუმ“ შეიძინა და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა.

პირბადეები ქართულმა კომპანიამ შეკერა. ეს არის უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები, რომელიც სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

ბაკურიანის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დამატებითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ზამთრის სეზონზე ბაკურიანის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დამატებითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, ბაკურიანს წყალი უწყვეტად მიეწოდება, თუმცა, მშრალმა კლიმატმა, ინფრასტრუქტურული ობიექტების, დამსვენებლებისა და ტურისტების მკვეთრმა ზრდამ გასული ზამთრის სეზონზე წყლის დებიტის სიმცირე გამოიწვია და კურორტს წყალმომარაგების მიწოდება შეუზღუდა.

სამცხე–ჯავახეთის რეგიონში ამ დროისთვის წყალმომარაგება–წყალარინების 5 მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს: აბასთუმნის წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა (II ეტაპი) და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ასევე, კურორტ აბასთუმნის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების პროექტირება-მშენებლობა. ქალაქ ვალეს და დაბა ადიგენის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური ღირებულება 23,018,818 ლარია.

გუდაურში სასმელი წყლის დებიტის გაზრდის მიზნით ახალი ჭაბურღილების მოწყობა მიმდინარეობს

გუდაურში სასმელი წყლის დებიტის გაზრდის მიზნით ახალი ჭაბურღილების მოწყობა მიმდინარეობს.

გუდაურს მზარდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, არსებული სათავე ნაგებობების წარმადობა კი ვერ აკმაყოფილებს წყალმომარაგების მოთხოვნას სეზონის პიკურ პერიოდში.

პროექტის განხორციელების შედეგად გუდაურის მოსახლეობასა და იქ ჩასულ დამსვენებლებს წყალმომარაგების კუთხით არსებული პრობლემები აღარ შეექმნებათ.

დაბა გუდაურში წყლის ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები 2020 წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ღირებულება 1 600 000 მილიონ ლარზე მეტია.

თავდაცვის მინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ინიციატივები

0

ჯარისკაცზე ორიენტირებული ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრო უწყების ხელმძღვანელის ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებულ მორიგ პროექტს იწყებს. ამჯერად, მინისტრის ახალი ინიციატივა ქართული ჯარის გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრების განათლება-განვითარებას ითვალისწინებს.

ახალი პროექტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე, მისი მეუღლე ან შვილი პროექტში ჩართულ უნივერსიტეტებში უმაღლეს განათლებას თავდაცვის სამინისტროს 50%-იანი თანადაფინანსებით, სახელმწიფო გრანტისა და სხვა დაწესებული შეღავათის გათვალისწინებით, მიიღებს.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მაღალი მოსწრების შემთხვევაში დამატებითი წახალისების მიზნით კი, სამხედროს, მის მეუღლეს ან შვილს მინისტრის სემესტრული სტიპენდია – 750 ლარის ოდენობით დაენიშნება.

ახალი პროექტი ასევე, ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროში სტაჟიორების ან პრაქტიკანტების პროგრამას, უმაღლეს სასწავლებლებში სამინისტროს ხელმძღვანელების მიერ საჯარო ლექციებს, ექსკურსიებს სამხედრო ბაზებზე და სამხედრო თემატიკის ირგვლივ სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის განხორციელებას.

ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტრო პროექტში ჩართულ ავტორიზებულ სასწავლებლებთან უახლოეს მომავალში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.

მანამდე კი, ახალი ინიციატივის გაცნობის, კონკრეტული წინადადებების განხილვისა და სამომავლო გეგმის შემუშავების მიზნით თავდაცვის სამინისტროში უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, რომლის საფუძველზეც უმაღლესმა სასწავლებლებმა თავდაცვის უწყებასთან თანამშორმლობის სურვილი გამოთქვეს.

მარტვილის მუნიციპალიტეტში აგრობაზრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო პავილიონი, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.

აგრობაზრის მოწყობისთვის 118 459 ლარი გამოიყო. პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტი გარე მოვაჭრეებთან კონსულტაციით და მათი ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება.

შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

მიუხედავად გეოლოგიური გამოწვევებისა, წელს შატილის მიმართულების გზაზე სამუშაოები, ფაქტობრივად, არ გაჩერებულა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროექტის მიზანია, შატილამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდეს ბევრად უსაფრთხო, ვინაიდან არსებული გზა არის გრუნტის, ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები და 2 ავტომანქანისთვის გვერდის ავლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შატილის მიმართულებით გაუმჯობესდება გზის პარამეტრები, გაფართოვდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ბაგიროვანი ზღუდარები და გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

შატილამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას და ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენებას.

ჯამში, შატილის მიმართულებით მიმდინარე 12 პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 86 კმ. გზა და მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩაუტარდება 15 ხიდს. ამ პროექტების განხორციელებას 59 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

ზარზმის მონასტერს გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები უტარდება

ზარზმის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის და გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი მოიცავს ზარზმის მონასტრის დაზიანებული გუმბათის, ისტორიული წყაროს კონსერვაციასა და რეაბილიტაციას. ასევე, მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე თამარის წყაროსკენ მიმავალი ბილიკის მოწყობა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა.

ზარზმის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის და გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები 2021 წლის დასაწყისში დასრულდება.

პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.