ჯარისკაცზე ორიენტირებული ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრო უწყების ხელმძღვანელის ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებულ მორიგ პროექტს იწყებს. ამჯერად, მინისტრის ახალი ინიციატივა ქართული ჯარის გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრების განათლება-განვითარებას ითვალისწინებს.
ახალი პროექტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე, მისი მეუღლე ან შვილი პროექტში ჩართულ უნივერსიტეტებში უმაღლეს განათლებას თავდაცვის სამინისტროს 50%-იანი თანადაფინანსებით, სახელმწიფო გრანტისა და სხვა დაწესებული შეღავათის გათვალისწინებით, მიიღებს.
ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მაღალი მოსწრების შემთხვევაში დამატებითი წახალისების მიზნით კი, სამხედროს, მის მეუღლეს ან შვილს მინისტრის სემესტრული სტიპენდია – 750 ლარის ოდენობით დაენიშნება.
ახალი პროექტი ასევე, ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროში სტაჟიორების ან პრაქტიკანტების პროგრამას, უმაღლეს სასწავლებლებში სამინისტროს ხელმძღვანელების მიერ საჯარო ლექციებს, ექსკურსიებს სამხედრო ბაზებზე და სამხედრო თემატიკის ირგვლივ სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის განხორციელებას.
ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტრო პროექტში ჩართულ ავტორიზებულ სასწავლებლებთან უახლოეს მომავალში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.
მანამდე კი, ახალი ინიციატივის გაცნობის, კონკრეტული წინადადებების განხილვისა და სამომავლო გეგმის შემუშავების მიზნით თავდაცვის სამინისტროში უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, რომლის საფუძველზეც უმაღლესმა სასწავლებლებმა თავდაცვის უწყებასთან თანამშორმლობის სურვილი გამოთქვეს.