Home Blog გვერდი 97

რიკოთის საუღელტეხილო გზის მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

0

რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

მოცემულ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები, ჯამში, 51 ხიდსა და 39 გვირაბზე პარალელურად მიმდინარეობს. აქედან, 5 გვირაბი უკვე გაჭრილია.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

რიკოთის საუღელტეხილო გზის ძირითადი მონაკვეთების მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის, ხოლო ექსპლუატაციაში სრულად შესვლა 2023 წლისთვის.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს.

„თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმოს შენობა გაიხსნა 

0

სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმოს შენობა გაიხსნა, სადაც თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატები ქართველი სპეციალისტების მიერ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად აღდგება და გარემონტდება.

3000 მ2-ზე განლაგებული საწარმო სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ და სსსტც „დელტას“ მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა ქვეყნის საჰაერო ძალების სხვადასხვა ტიპის საფრენი აპარატები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდება.

თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“, „თბილავიამშენსა“ და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აგვისტოში გაფორმდა, რაც ყოველწლიურად დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ანაზღაურებად სტაჟირებას ითვალისწინებს.​

ამ ეტაპზე ახალ საამწყობრო საწარმოში საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი მი-24 ტიპის შვეულმფრენების რემონტი მიმდინარეობს.

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მი-24-ების გარდა, უახლოეს პერიოდში მოხდება სატრანსპორტო შვეულმფრენების მი-8 მტვ, UH-1 „იროკეზის“ ტიპის და L-39 სასწავლო სავარჯიშო თვითმფრინავების რეაბილიტაცია და განახლება.

უკვე მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული Su-25 ტიპის თვითმფრინავების კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, რომლებიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.

საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე პარალელურ რეჟიმში ინფრასტრუქტურული და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს – საფრენი აპარატების ავზებისა და რეზინის ნაკეთობების საწარმოს კაპიტალური რემონტი, თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების სამრეცხაო უბნის მშენებლობა-მოწყობა, სხვადასხვა საამქროს მაღალი ხარისხის სახურავებით გადახურვის პროცესი და სხვა.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე 6.3-კილომეტრიანი მონაკვეთის შეკეთების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე 6.3-კილომეტრიანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო გზა ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის.

პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.

მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5 961 996 ლარია.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალი ბაზრის მშენებლობა მიმდინარეობს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ახალი ბაზრის მშენებლობა მიმდინარეობს.

ბოდბისხევის ახალი საკვირაო ბაზარი უკვე არსებული, ტრადიციული ბაზრის ადგილზე შენდება, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.

შედეგად, როგორც ადგილობრივ, ასევე, სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ ფერმერებს პროდუქციის რეალიზაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში შეეძლებათ.

ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის 44 მილიონის ინვესტიცია ხორციელდება, სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ სრულად განახორციელებს ჩამდინარე წყლების წმენდას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს შავი ზღვის აუზისა და ეკოლოგიის დაბინძურების რისკებს რეგიონში.

აღნიშნულ პროექტს აზიის განვითარების ბანკი 44 მილიონი ლარით აფინანსებს და მისი დასრულება მომავალი წლის თებერვალშია დაგეგმილი.

წყალტუბოში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

წყალტუბოში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია.

პროექტის დასრულების შედეგად, თანამედროვე ტიპის ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობის მეშვეობით მდინარეში ჩამდინარე წყალი გაიფილტრება და სრულად გამოსწორდება მრავალწლიანი პრობლემა, რაც მდინარეში ფეკალური მასების ჩადინებას უკავშირდებოდა.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის ღირებულება თითქმის 9 მილიონ ლარს შეადგენს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახლადაშენებული საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ახლადაშენებული საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა.

სოფელ ბოდბეში ორსართულიანი 90 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაგა-ბაღი თანამდეროვე სტანდარტების დაცვით აშენდა.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 526 995 ლარი შეადგინა.

აბაშა-მარტვილის საავტომობილო გზის 15-კილომეტრიანი მონაკვეთის შეკეთების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

აბაშა-მარტვილის საავტომობილო გზის 15-კოლომეტრიანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

აღნიშნული გზა აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს ერთმანეთთან აკავშირებს.

პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობა.

ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები ხორციელდება.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 600 000 ლარია.

აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი დასკვნით ეტაპზეა

0

აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი დასკვნით ეტაპზეა. პროექტის დასრულების შემდეგ ბათუმსა და ქობულეთში არსებული ნაგავსაყრელები დაიხურება.

პროექტი აჭარაში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას, აჭარაში ეკოლოგიური, სოციალური, ტურისტული გარემოს გაუმჯობესებას და ალტერნატიული ენერგიის მიღებას უზრუნველყოფს.

პროექტის ფარგლებში, ადგილზე თბოელექტროსადგურის განთავსდება. პროექტი დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ და მისი ღირებულება 7 მლნ ევროს შეადგენს.

ნარჩენების მართვის პროექტი ახალი სანიტარული ნარჩენების მართვის ობიექტის და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე, ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას ითვალისწინებს.

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

0

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. დღეს ბაღმა ფუნქციონირება დაიწყო და პირველი აღსაზრდელები მიიღო.

ბაღის შენობა სრულად აღჭურვილია და ადაპტირებულია აღსაზრდელებისათვის, ეზოში მოეწყო სათამაშო სივრცე. აქამდე სოფელში არსებული ერთადერთი საბავშვო ბაღი გამგეობის შენობაში ფუნქციონირებდა, სადაც არც საკმარისი სივრცე იყო და არც შესაბამისი პირობები.

60 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი ხობის მუნიციპალიტეტს ფონდმა ,,ქართუმ” მიმდინარე წლის ივნისში გადასცა.

ძველ ხიბულაში, ასევე, ფონდი ,,ქართუს” დაფინანსებით, განხორციელდა ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის სრული რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ,,ქართუს” დაფინანსებით, მიმდინარეობს სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, შენდება სამრევლო სკოლა და პარკი.

მხოლოდ ხიბულაში მიმდინარე პროექტების მშენებლობაზე „ქართუ“ ფონდიდან 6 000 000 ლარზე მეტი იხარჯება.