საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. დღეს ბაღმა ფუნქციონირება დაიწყო და პირველი აღსაზრდელები მიიღო.

ბაღის შენობა სრულად აღჭურვილია და ადაპტირებულია აღსაზრდელებისათვის, ეზოში მოეწყო სათამაშო სივრცე. აქამდე სოფელში არსებული ერთადერთი საბავშვო ბაღი გამგეობის შენობაში ფუნქციონირებდა, სადაც არც საკმარისი სივრცე იყო და არც შესაბამისი პირობები.

60 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი ხობის მუნიციპალიტეტს ფონდმა ,,ქართუმ” მიმდინარე წლის ივნისში გადასცა.

ძველ ხიბულაში, ასევე, ფონდი ,,ქართუს” დაფინანსებით, განხორციელდა ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის სრული რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ,,ქართუს” დაფინანსებით, მიმდინარეობს სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, შენდება სამრევლო სკოლა და პარკი.

მხოლოდ ხიბულაში მიმდინარე პროექტების მშენებლობაზე „ქართუ“ ფონდიდან 6 000 000 ლარზე მეტი იხარჯება.

Previous articleჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 6.3 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთების სამუშაოები დასრულდა
Next articleაჭარაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი დასკვნით ეტაპზეა