Home Blog გვერდი 94

3626 უბნის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48.12%, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 26,94%, „ევროპულმა საქართველომ“ კი 3.79% მიიღო

0

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ხმების 48.12 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას” 26.94 % აქვს.

სულ 3847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3484 უბანზე და შედეგები პარტიებზე ასე ნაწილდება:

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 48.13 %

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია” – 26.8 %

“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” -3.79%

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 3.18%

“სტრატეგია აღმაშენებელი” – 3.15 %

„ლელო – 3.19 %

„გირჩი“ – 2.95 %

„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 1.34 %

“საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – 1, %

“ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა” – 0.85 %.

ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

0

ამერიკულმა ორგანიზაციამ, Public Opinion Strategies-მა ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გაასაჯაროვა. 18:00 საათის მონაცემებით, ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 55%

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 23%

ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – 3%

ლელო – მამუკა ხაზარაძე – 3%

დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 3%

გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი (ახალი საქართველო) – 3%

„გირჩი“ – 3%

შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 1%

ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა – 1%

მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი – 1%

სხვა პარტიები – 5%

აღნიშნული მონაცემები ასახავს პროპორციული სიით მიღებულ შედეგებს.

პარტიები პროპორციული სიით პარლამენტში, ჯამში, 120 ადგილს დაიკავებენ, 30 ადგილს კი – მაჟორიტარები.

ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება. საქართველოში ეგზიტპოლის გამოქვეყნება მხოლოდ საარჩევნო უბნების დახურვის მერეა შესაძლებელი.

ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით

0

ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 45.77%-ია, რაც რაოდენობრივად 1 607 530 ამომრჩეველია.

ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში – 57.3%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა არის ისევ ქვემო ქართლის რეგიონში – 41.9%.

 

ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათის მდგომარეობით

0

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 36.45 %-ია, რაც რაოდენობრივად 1 279 947 ამომრჩეველია.

ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში – 49.5%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა არის ქვემო ქართლის რეგიონში – 33.9%.

 

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათის მდგომარეობით

0

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 19.41%, რაც რაოდენობრივად 681 583  ამომრჩეველია.

ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დაფიქსირდა – 28.3%, ხოლო ყველაზე დაბალი ისევ აჭარის რეგიონში – 17.9%.

 

 

 

“ქართული ოცნებამ” – წინასაარჩევნო კამპანია დაასრულა

0

“მივესალმები მთელ საქართველოს, მის მრავალეროვან ხალხს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, დედამიწის რომელ წერტილშიც არ უნდა ცხოვრობდეს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, ყველა მათგანის მზერა მოპყრობილია საკუთარი სამშობლოსკენ. დღეს იწურება მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა 4 წლის წინ მოგვცა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მეორე ვადით ანდო ქვეყნის ბედი და მისი განვითარების პერსპექტივა. როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერმა, პირველ რიგში, გულითადი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ნდობისთვის.

ხელისუფლების წყარო ხალხია და მხოლოდ ის წყვეტს, ვინ უნდა გაუძღვეს ქვეყანას. ასე მუშაობს დემოკრატია და მე ამაყი ვარ, რომ დღეს, ქართველ ხალხს კლავ მყარად უპყრია ხელთ ეს უზენაესი უფლება, რომელიც 2012 წლამდე მიტაცებული ჰქონდა უზურპატორს. მერწმუნეთ, დემოკრატიული ტრადიციის დამკვიდრება და მისი შეუქცევადობა, პირადად ჩემთვის, ყველაზე ღირებულია იმ მიღწევათა შორის, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობას და მის წარმატებებს უკავშირდება.

ხვალ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი დღეა. ხვალ, ყველა ჩვენთაგანმა კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი საკუთარი რწმენის, ღირებულებების, სინდისისა და ინტერესების გათვალისწინებით და მე „ქართული ოცნების“ სახელით გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში – ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ მცირედით მაინც გამრუდდეს ხალხის არჩევანი.

დღეს კი, ემოციურად დატვირთული საარჩევნო კამპანიის მიწურულს, კვლავ მახსენდება 2012 წლის ის ბობოქარი დღეები, როდესაც ერთ მუშტად შეკრულებმა, ერთად გავაკეთეთ ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ, უარი ვუთხრით ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებულ რეჟიმს და მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ სამიათასწლოვანი ისტორიის მქონე, თავისუფლებისმოყვარე, ღირსების მატარებელი ხალხი აღარასოდეს შეეგუება ძალადობას და უსამართლობას.
მოგმართავთ თქვენ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ოცნების ვეტერანებს და ახლად შემოერთებულ ჯარისკაცებს – ხვალ არცერთი ჩვენთაგანი არ უნდა დარჩეს სახლში და ყოველმიზეზგარეშე უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან. ეს ჩვენი ვალია ქვეყნის, მისი მომავლის, ერთმანეთის და რაც არ უნდა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, იმათ წინაშეც, ვინც ხვალ სხვა პარტიის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. ფაქტია, რომ ყველას დარწმუნება ვერ შევძელით, რაც დემოკრატიის პირობებში სავსებით ნორმალურია.

ფაქტია, რომ ყველა ის წარმატება, რისი მიღწევაც ოცნებამ ამ რთულ პერიოდში მოახერხა და შეძლო, არ აღმოჩნდა საკმარისი უმცირესობაში მყოფი, ჩვენდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასარწმუნებლად და ხვალ ისინი განსხვავებულ არჩევანსაც გააკეთებენ.

მაგრამ ჩვენ მეტნი ვართ, გაცილებით მეტნი და სწორედ ეს არის უმრავლესობის პასუხისმგებლობა უმცირესობის წინაშე, რომ შევძლოთ და დავაზღვიოთ მათი შეცდომაც, რათა მათვე არ დაუჯდეთ ძვირი საკუთარი მცდარი გადაწყვეტილება.

მე პატივს ვცემ საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევანს და დრამატულს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ მათი გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს „ქართულ ოცნებას“. დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას და პოლიტიკური მრავალფეროვნების მიუხედავად, ოპოზიციურ ველზე კვლავ დომინირებს რევანშზე ორიენტირებული, დესტრუქციული ძალა, რის გამოც, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, პრაქტიკულად, ამ ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს.
ჩვენ ხომ ზედმიწევნით კარგად ვიცით, რას უქადის ეს არჩევანი ჩვენს სამშობლოს და სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ასპროცენტიანი გამოცხადებით დავიცვათ ისინიც, ვინც მცდარ არჩევანს გააკეთებენ, რათა არ დავუშვათ, რომ ემოციით ნაკარნახევი გადაწყვეტილებით დასაჯონ ქვეყანა და საკუთარი თავი. ისინი ხომ, განსხვავებული ხედვის მიუხედავად, ჩვენი სისხლი და ხორცი – ჩვენი ძმები და დები არიან.

გახსოვდეთ, საკუთარ ხალხს არ უბრაზდებიან. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენზე განაწყენებული ადამიანების დიდ ნაწილს, ისევ ჩვენ ვეიმედებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავუწბილოთ მათ ეს იმედი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ვერავინ და ვეღარასდროს გაბედოს მსახურად დაიყენოს ხალხი, დაჩაგროს და ღირსება შეულახოს მათ. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ქვეყანაში აღარასოდეს დაისადგუროს შიშმა და უსამართლობამ. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა მოქალაქემ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც არ იგრძნოს მიტოვებულად თავი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ადამიანს უსახსრობის გამო არ ეშინოდეს ექიმთან მისვლის. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ქართველ კაცს არასოდეს მოუწიოს აჩეხოს ვაზი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ჩვენ შვილებს ჰქონდეთ ევროპული ხარისხის განათლების საქართველოში მიღების გარანტია, ჩვენ ოჯახებს – კეთილდღეობა, ხანდაზმულებს კი – ღირსეული სიბერე. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა მშვიდობა და სტაბილურობა იყოს ურღვევი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა გაგრძელდეს ქვეყნის შენება და დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში. მოდით, კვლავაც ერთად ვატაროთ ჩვენი ქვეყანა გამარჯვების გზაზე და კვლავაც ერთად ვიბრძოლოთ საქართველოს წარმატებისთვის“, – ბიძინა ივანიშვილი

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სატესტო რეჟიმში ორი ახალი საწარმო ამოქმედდა

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სატესტო რეჟიმში ორი ახალი საწარმო ამოქმედდა.

შპს „დავრ ინთერნეიშენალ თრეიდინგ“-მა ფოთის თიზში საწარმოს მშენებლობა 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე დაასრულა. პროექტის ჯამურმა საინვესტიციო ღირებულებამ შეადგინა 3,5 მლნ ლარი.

ამჟამად საწარმო სრულად მუშაობს იმპორტირებულ ნედლეულზე, რომლის ძირითადი ნაწილი შემოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ხოლო საბოლოო პროდუქტების ექსპორტი ხორციელდება დსთ-ს ქვეყნებში (რუსეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი). მომავალში დაგეგმილია წარმადობის გაზრდა და ევროპის ქვეყნებში ექსპორტი.

ასევე, ამოქმედდა შპს „ჯორჯიან ტექნოლოჯის” საწარმო, რომელშიც უახლოეს მომავალში ელექტრონული მიკროსქემების, ინტეგრირებული სისტემების და სხვა ელექტრონული პროდუქტების წარმოება დაიწყება. მათი ექსპორტი განხორციელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიდერლანდებსა და საუდის არაბეთში.

პირველ ეტაზე დაგეგმილია 20-მდე ადგილობრივის დასაქმება, რომელთა რაოდენობა საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავების შემდგომ 100-მდე გაიზრდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 4 მლნ ლარს შეადგენს.

რუსთავში ახლადრეაბილიტირებული კონსტიტუციის ქუჩა გაიხსნა

0

რუსთავში ახლადრეაბილიტირებული კონსტიტუციის ქუჩა გაიხსნა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, კონსტიტუციის ქუჩაზე, კოსტავას გამზირის N14-დან ასლანიკაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ გზის მონაკვეთზე, ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები და მოეწყო ბორდიურები, დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე სისტემა.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 255 693 ლარით დაფინანსდა.

შატილში ახალი სკოლა-პანსიონი გაიხსნა

განათლების სამინისტროს დელეგირებული უფლებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, აშენდა ახალი 20 ბავშვზე გათვლილი, 2-სართულიანი სკოლა-პანსიონი.

სკოლაში მოეწყო სასწავლო, საძინებელი და დამხმარე ოთახები და სველი წერტილები, რომლებიც დაკავშირებულია საევაკუაციო გასასვლელებთან​.

შატილის სკოლა-პანსიონი შარშან ოქტომბერში ხანძრის გამო დაიწვა და პანსიონის 7 მოსწავლე დროებით ამბულატორიის შენობაში აგრძელებდა სწავლას.

საქართველოს პრემიერმინისტრის დავალებით, მთის განვითარების ფონდიდან გამოიყო თანხა ახალი სკოლა-პანსიონის ასაშენებლად.

უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ძირითადი ნაგებობის გარეთ, დამონტაჟდა მყარ საწვავზე მომუშავე გათბობის სისტემა, ხოლო სკოლის მშენებლობისას გამოყენებულია თანამედროვე სტანდარტების მასალა. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.

მდინარე აბაშაზე არსებული საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე აბაშაზე არსებული საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება ხიდის სავალ ნაწილს, მოაჯირებსა და ტროტუარებს. ასევე, იგეგმება ექსპლუატაციაში არსებული ხიდის გაფართოება, დამცავი ბურჯების სარეგულაციო ნაგებობების გაკეთება და გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 630 000 ლარია.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბერში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება.