Home Blog გვერდი 130

„ქართული ოცნების“ წევრები ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

საქართველოს მთავრობისა და პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები, მომდევნო სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს ჩვენი ქვეყანა, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში სოლიდარობის გამოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

„ამგვარი სოლიდარობის მაგალითი იყო ჩვენი პარტიისა და მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მოხალისეობრივი ჩართულობა ჩვენი საზოგადოების სოციალურად დაუცველი წარმომადგენლებისთვის სოციალური დახმარების მიწოდებაში. ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, პარტიაში მიმდინარე დისკუსიისა და კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობაში, მთავრობისა და პარლამენტის თითოეულმა წევრმა, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი მომდევნო სამი თვის ხელფასის 1/3. მზად ვართ შევიტანოთ წვლილი ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში. დარწმუნებული ვართ, ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც, ყველა, ვისაც მიუხედავად რთული ვითარებისა, აქვს შესაძლებლობა, დასაქმებულია კერძო თუ საჯარო სექტორში და აქვს შემოსავალი, ამ შემოსავლისა და სოციალური მდგომარეობის შესაბამისად, განახორციელებენ შენატანებს აღნიშნულ ფონდში და ამით გამოხატავენ სოლიდარობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. ეპიდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში ჩართული ადამიანების პროფესიონალიზმთან ერთად, სოლიდარობა არის მთავარი რამ, რაც საშუალებას მოგვცემს, პრობლემა დავძლიოთ მინიმალური ზიანით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აერთიანებს 93 დეპუტატს, მთავრობაში არის 12 წევრი, პრემიერ-მინისტრი და 11 მინისტრი, შესაბამისად, მთლიანობაში საუბარია 105 ადამიანზე, ესენი არიან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები.

მარტვილის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს კვების პროდუქტები სახლში მიუტანეს

მარტვილის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს კვების პროდუქტები სახლში მიუტანეს.

კვების პროდუქტები, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში შემავალ 21 საბავშვო ბაღის 847 ბავშვს გადაეცემა.

აღნიშნულ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის თანამშრომლები და მოხალისეები. პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს.

ჩხოროწყუში საბავშვო ბაღებისთვის გათვალისწინებული პროდუქტის გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებისთვის გათვალისწინებული პროდუქტის გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო.

სასურსათო პროდუქტს ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 900-მდე აღსაზრდელი მიიღებს.

პროდუქტს ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების დირექცია აფასოებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და დეპუტატებს გადასცემს, რომლებიც სურსათს აღსაზრდელებს სახლში მიუტანენ, პროდუქტის დარიგებაში მონაწილეობას მოხალისეთა ჯგუფის წევრები და მენეჯერები მიიღებენ.

საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს სამედიცინო ნიღბები გადაეცათ

0

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დიპლომატიურ კორპუსს სამედიცინო ნიღბები გადაეცა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობით, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სამედიცინო დამცავი ნიღბები გადაეცათ.

დამცავი ნიღბები საქართველოში აკრედიტებულ 41 საელჩოს და 23 საერთაშორისო მისიას გადაეცა.

ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყვეს ნიღბების გაგზავნა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის და საკონსულო დაწესებულებებისთვის.

სამედიცინო დამცავი ნიღბები დამზადებულია საქართველოში, პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.

შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე პირები გლუკომეტრის ტესტჩხირებს ბინაზე მიიღებენ

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები გლუკომეტრის ტესტჩხირებს „საქართველოს ფოსტის“ კურიერების მეშვეობით საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე მიიღებენ.ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი უფასოდ დარიგდება.

ბინაზე მომსახურების სერვისი სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლობით მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, „საქართველოს ფოსტის“ კურიერები სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს ბინაზე ემსახურებიან.

ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათით 1 მლნ 200 ათასი ოჯახი ისარგებლებს, ხოლო ბუნებრივი გაზის გადასახადზე – 671 ათასი

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ინიციატივა განმარტა, რომელიც მოქალაქეთათვის სამი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადების დაფინანსებას ითვალისწინებს.

ვიცე-პრემიერმა ახსნა, აბონენტების რა კატეგორიას ეკუთვნის შეღავათი და რამდენ ოჯახს შეეხება ის.

„ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს ზრუნვას პირველ რიგში იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც შეექმნათ პრობლემა საქართველოში ამ განსაკუთრებული ვითარების გამო, პანდემიის, ეპიდემიის გამო. გარდა იმ ზომებისა, რომელიც უკვე მიიღეთ, ამ ეტაპზე, შეთავაზებული იქნა იმ ოჯახებისთვის, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება არ აღემატება თვეში 200 კილოვატს და ასეთი ოჯახი საქართველოში არის 1 მლნ 200 ათასი, მათ სახელმწიფო მარტის, აპრილისა და მაისის დარიცხულ გადასახდს აუნაზღაურებს, როგორც ელექტროენერგიის ნაწილში, ასევე დასუფთავების და წყლის გადასახადის ნაწილში. ეს არის შეღავათი, რომლითაც ისარგებლებს 1 მლნ 200 ათასი ოჯახი, რომლის ელექტროენერგიის მოხმარება თვეში არ აღემატება 200 კილოვატ საათს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, შეღავათი ეხება მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადსაც.

„გარდა ამისა, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ყველა იმ ოჯახს, რომლის ბუნებრივი გაზის მოხმარება თვეში 200 კუბურ მეტრს არ აღემატება, ასევე სახელმწიფო გადაუხდის მარტის, აპრილისა და მაისის თვის დარიცხულ გაზის გადასახადს. ამ შეღავათით ისარგებლებს 671 ათასი ოჯახი“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ეს არის მოქალაქეთა და ბიზნესის დახმარების ფარგლებში იმ პაკეტის ნაწილი, რომელზეც მთავრობა მუშაობს.

საქართველოში კორონავირუსისგან 23 ადამიანია გამოჯანმრთელებული

0

საქართველოში კორონავირუსისგან 23 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5783 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 23.

იანვარსა და თებერვალში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა აღდგენილია

მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრისა და თებერვლის თვეში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს სრულად უნაზღაურდებათ ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც მათ ფულადი დახმარება შეჩერებული ჰქონდათ.

ასევე, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში, სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებას არ განახორციელებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება მოთხოვნილი იქნება უშუალოდ ოჯახის მიერ.

მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებთან მიმართებით სააგენტო უწყვეტად გააგრძელებს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემას. აღნიშნული ვრცელდება 2020 წლის 1-ლი იანვრიდან განხორციელებულ საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერებებზეც.

ამასთანავე, ამ პერიოდში გაცემული საარსებო შემწეობის თანხები არ ჩაითვალება ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებარება უკან დაბრუნებას.

ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს, ხაშურს 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება.

სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

ამ დროისთვის, ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება და სახიდე გადასასვლელების მშენებლობის დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს. დასრულებულია აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული ყველაზე რთული კონსტრუქციების მშენებლობა.

ახალი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე დაიწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაურთდება არსებულ გზას.

პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.

საქართველოში კომენდანტის საათი ამოქმედდა

0

საქართველოში დღეიდან, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდა.

21:00 საათიდან 06:00 საათამდე იკრძალება პირთა გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.

შეზღუდვა არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ სპეციალურ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობისთვის შესასრულებლად.

პირი ვალდებულია, გადაადგილებისას თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.