საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ინიციატივა განმარტა, რომელიც მოქალაქეთათვის სამი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადების დაფინანსებას ითვალისწინებს.

ვიცე-პრემიერმა ახსნა, აბონენტების რა კატეგორიას ეკუთვნის შეღავათი და რამდენ ოჯახს შეეხება ის.

„ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს ზრუნვას პირველ რიგში იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც შეექმნათ პრობლემა საქართველოში ამ განსაკუთრებული ვითარების გამო, პანდემიის, ეპიდემიის გამო. გარდა იმ ზომებისა, რომელიც უკვე მიიღეთ, ამ ეტაპზე, შეთავაზებული იქნა იმ ოჯახებისთვის, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება არ აღემატება თვეში 200 კილოვატს და ასეთი ოჯახი საქართველოში არის 1 მლნ 200 ათასი, მათ სახელმწიფო მარტის, აპრილისა და მაისის დარიცხულ გადასახდს აუნაზღაურებს, როგორც ელექტროენერგიის ნაწილში, ასევე დასუფთავების და წყლის გადასახადის ნაწილში. ეს არის შეღავათი, რომლითაც ისარგებლებს 1 მლნ 200 ათასი ოჯახი, რომლის ელექტროენერგიის მოხმარება თვეში არ აღემატება 200 კილოვატ საათს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, შეღავათი ეხება მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადსაც.

„გარდა ამისა, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ყველა იმ ოჯახს, რომლის ბუნებრივი გაზის მოხმარება თვეში 200 კუბურ მეტრს არ აღემატება, ასევე სახელმწიფო გადაუხდის მარტის, აპრილისა და მაისის თვის დარიცხულ გაზის გადასახადს. ამ შეღავათით ისარგებლებს 671 ათასი ოჯახი“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ეს არის მოქალაქეთა და ბიზნესის დახმარების ფარგლებში იმ პაკეტის ნაწილი, რომელზეც მთავრობა მუშაობს.

Previous articleსაქართველოში კორონავირუსისგან 23 ადამიანია გამოჯანმრთელებული
Next articleშაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე პირები გლუკომეტრის ტესტჩხირებს ბინაზე მიიღებენ