საქართველოს მთავრობისა და პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები, მომდევნო სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს ჩვენი ქვეყანა, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას.
მისივე თქმით, ამ ვითარებაში სოლიდარობის გამოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
„ამგვარი სოლიდარობის მაგალითი იყო ჩვენი პარტიისა და მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მოხალისეობრივი ჩართულობა ჩვენი საზოგადოების სოციალურად დაუცველი წარმომადგენლებისთვის სოციალური დახმარების მიწოდებაში. ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, პარტიაში მიმდინარე დისკუსიისა და კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობაში, მთავრობისა და პარლამენტის თითოეულმა წევრმა, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი მომდევნო სამი თვის ხელფასის 1/3. მზად ვართ შევიტანოთ წვლილი ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში. დარწმუნებული ვართ, ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც, ყველა, ვისაც მიუხედავად რთული ვითარებისა, აქვს შესაძლებლობა, დასაქმებულია კერძო თუ საჯარო სექტორში და აქვს შემოსავალი, ამ შემოსავლისა და სოციალური მდგომარეობის შესაბამისად, განახორციელებენ შენატანებს აღნიშნულ ფონდში და ამით გამოხატავენ სოლიდარობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. ეპიდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში ჩართული ადამიანების პროფესიონალიზმთან ერთად, სოლიდარობა არის მთავარი რამ, რაც საშუალებას მოგვცემს, პრობლემა დავძლიოთ მინიმალური ზიანით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აერთიანებს 93 დეპუტატს, მთავრობაში არის 12 წევრი, პრემიერ-მინისტრი და 11 მინისტრი, შესაბამისად, მთლიანობაში საუბარია 105 ადამიანზე, ესენი არიან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები.