Home Blog გვერდი 110

ჯანდარის მაგისტრალური სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ქვემო ქართლში, ჯანდარის მაგისტრალური სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში ხე-მცენარეებისა და ბუჩქნარისაგან არხის 2000-მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.

ექსპლუატაციის პროგრამით განხორციელებული ღონისძიებები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც მუნიციპალიტეტში 40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 34 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ დამატებით 3 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება, სარწყავი წყლის მიწოდება 17 000-ზე მეტ ჰექტარზე გაუმჯობესდება, ხოლო დამშრალი ფართობის რაოდენობას 4 500 ჰექტარი დაემატება.

თბილისში სპილენძისა და ალუმინის სადენების საწარმო გაიხსნა

0

“აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით თბილისში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა.

სპილენძისა და ალუმინის სადენების საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე 100 დასაქმდა, ხოლო მისი სრულად დატვირთვის შემდეგ, სამუშაო ადგილების რიცხვი 250-მდე გაიზრდება.

კომპანიამ განახორციელა 15 მილიონი ლარის ინვესტიცია და თავის საქმიანობას მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით განახორციელებს, რაც უზრუნველყოფს სრულად ავტომატიზებულ წარმოებასა და დაბალ საწარმოო ფასს.

“კიკვიძის” პარკი გაიხსნა

0

ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის (ე.წ. კიკვიძის პარკის) რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აწარმოა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკს შეუერთდა მიმდებარედ არსებული აუთვისებელი ტერიტორია, მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, წყალარინების, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

პარკის ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდა შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე, ველო და სარბენი ბილიკები. ერისთავის ქუჩის მხრიდან კი, მოეწყო პარკში შესასვლელი პანდუსი. რეაბილიტირდა პარკში არსებული შენობები და შადრევანი.

ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 72 100 კვადრატული მეტრია, ჯამში, 12 124 ძირი ხე-მცენარე დაირგო. ამასთან, 7 880 ძირი სხვადასხვა სახეობის მცენარე 1 600 მეტრამდე სიგრძის ცოცხალი ღობის შესავსებად დაირგო, ხოლო 390 ძირი მცენარით შეიქმნა 78 მეტრი სიგრძის კიდევ ერთი ცოცხალი ღობე.

სამუშაოების განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 500 000 ლარი გამოიყო.

 

ბათუმის საზღვაო აკადემიის ფოთის სასწავლო ცენტრი პირველ სტუდენტებს 2021 წელს მიიღებს

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ფოთის სასწავლო ცენტრში პირველ სტუდენტებს 2021 წელს მიიღებს.

ისტორიული შენობის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი, ათასზე მეტ სტუდენტს მისცემს შესაძლებლობას, საზღვაო სფეროში საერთაშორისო დონის პროფესიული განათლება მიიღოს და წარმატებით დასაქმდეს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.

ფოთში საზღვაო სწავლების ტრადიციის აღდგენა ხელს შეუწყობს ქვეყანაში თევზჭერის განვითარებასა და საზღვაო სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სექტორის მომარაგებას კვალიფიციური სამუშაო ძალით.

სიღნაღში კომბინირებული საკვების საწარმო ამოქმედდა

სახელმწიფოს მხარდაჭერით, კომბინირებული საკვების ახალი საწარმო ამოქმედდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, სახელმწიფო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარმა, მანანა მეტრეველმა კომბინირებული საკვების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო ააშენა.
საწარმოში თვეში 80-მდე ტონა კომბინირებულ საკვების წარმოებაა შესაძლებელი; პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ბრენდის „ტაოფუდი“ სახელით ხდება. საწარმოში, ჯამში, 900,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს 600,000 ლარს, 300,000 ლარი ბენეფიციარის ინვესტიციაა. საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული.
„ახლადგახსნილი საწარმო აწარმოებს თევზის მეურნეობებისთვის კომბინირებულ საკვებს ამ მიმართულებით ქვეყანაში იმპორტის მოცულობა მაღალია. სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი საწარმო ხელს შეუწყობს იმპორტის ჩანაცვლებას და ადგილობრივი წარმოების ზრდას.
დარგის განვითარებისთვის საკვებწარმოება ერთ-ერთ განმსაზღვრელი ფაქტორია, შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ამ მიმართულების ადგილობრივი ქართული წარმოების ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია.
2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 7 კმ-იან მონაკვეთზე (კმ178-კმ185) სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მაღალმთიან რელიეფში, ძირითადად დაუსახლებელ ტერიტორიაზე მდებარეობს.

პროექტის შესაბამისად განხორციელდება გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, საგზაო სამოსის მოწყობა, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთება და ახლების მოწყობა, რკინაბეტონის აივნების მოწყობა, მიწის ვაკისის და გზის სავალი ნაწილის გაგანიერება, მიერთებების და ეზოში შესასვლელების მოწყობა, ავტობუსის გასაჩერებელი ჯიბეების და მოსაცდელების მოწყობა, გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.
საგზაო ნიშნებისა და შემოფარგვლის მოწყობა უზრუნველყოფს როგორც ავტომობილების, ასევე ფეხით მოსიარულე ტურისტების და სეზონური დამსვენებლების უსაფრთხო და კომფორტულ მოძრაობას.
პროექტის ღირებულება 14 350 000 ლარია.
 

თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმა

0

ახლა ჩემი მთავარი კონცენტრაცია და ფოკუსი მიმართული არის ჩვენი ჯარის და ჩვენი თავდაცვის ძალების გრძელვადიან განვითარებაზე” – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადაცემა “ღია ეთერში” თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, მისმა გუნდმა თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმა შეიმუშავა.

“ჩვენ შევიმუშავეთ თავდაცვის ძალების გრძელვადიანი, 10-წლიანი განვითარების გეგმა, კერძოდ, 2030 წლამდე როგორ მივდივართ, როგორი უნდა იყოს ჯარი, როგორ გვესახება ჩვენი ჯარის განვითარება, როგორი შეიარაღება უნდა ჰქონდეს ჩვენს ჯარს, რა რიცხოვნობა, რა მასშტაბი უნდა ჰქონდეს ჩვენს ჯარს და, ზოგადად, როგორ უნდა განვავითაროთ ჩვენი თავდაცვის ძალები.

ჩვენ ვგეგმავთ რამდენიმე მილიარდის დახარჯვას თანამედროვე ნატოს შესაბამისი შეიარაღების სისტემების შესაძენად. ეს იქნება გრძელვადიანი შესყიდვები, მრავალწლიანი გადახდის პირობით, ანუ იგივე პრინციპის გამოყენებით, რომელიც მე უკვე სატესტოდ პრეცედენტულად გამოვიყენე 500 ერთეული სპეცტექნიკის შესაძენად.

ჩვენი ასეთი მიდგომით გადავწყვეტთ ძალიან დიდ პრობლემას, რომელიც შეეხება ჩვენი ჯარის თავდაცვიუნარიანობის გაძლიერებას და, ზოგადად, ჩვენი ჯარის სიძლიერეს.

გვაქვს უკვე ზუსტი ხედვა, დეტალური გეგმა, თუ რა შეიარაღების ყიდვას ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნება ნატოს სტანდარტის შესაბამისი” – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის ძალები გერმანული ბრენდის სამხედრო ფეხსაცმლით სრულად აღიჭურვა

0

საქართველოს თავდაცვის ძალების ევროპული სტანდარტის, გერმანული ფეხსაცმლით მომარაგების პროცესი წარმატებით დასრულდა. ქართველი სამხედროები უკვე სრულად არიან აღჭურვილი უმაღლესი ხარისხის, მსოფლიო ბრენდის მიერ წარმოებული სამხედრო ფეხსაცმლით.

თავდაცვის ძალების საწყობებში მაღალყელიანი სამხედრო ფეხსაცმლის მარაგები შეიქმნა.

თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, თავდაცვის ძალების 29-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, სამხედროები უმაღლესი სტანდარტის ფეხსაცმლით არიან უზრუნველყოფილნი. წყალგამძლე, ქარგაუმტარი და ჰაერგამტარი ფეხსაცმელი წარმოებულია ევროკავშირში მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების მქონე საწარმოში, რომელიც ასევე ამარაგებს გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და ნატოს სხვა წამყვანი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს.

თბილისში სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგიროს პროექტები განხორციელდება.

0

ვაზისუბნისა და სამება-მახათას მთის ტერიტორიულ არეალებში 12 პოტენციური საბაგირო დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდა. აქედან გამოიკვეთა ორი კონკრეტული არეალი, სადაც მიზანშეწონილი და შესაძლებელია ახალი საბაგიროს პროექტების განხორციელება. პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით სასესხო შეთანხმების საფუძველზე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდება. პროექტების განხორციელება ეტაპობრივად მოხდება. პირველი კი სამგორი-ვაზისუბნის პროექტი იქნება.

სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო ხაზი მჭიდროდ დასახლებულ ვაზისუბნის დასახლებას, სადაც 40 ათასზე მეტი მცხოვრებია, მეტროსადგურ სამგორთან დააკავშირებს. ეს სატრანსპორტო მდგომარეობასაც გააუმჯობესებს. მეორე პროექტი, მეტროსადგურ სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიას ზღვისუბნის ტერიტორიასთან დააკავშირებს. ერთი სადგური განთავსდება თემქის ხევშიც.

დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის დაარსებულ ისტორიულ სასწავლო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის დაარსებულ ისტორიულ სასწავლო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ, ჯიხაიშში დასავლეთ საქართველოში ყველაზე მასშტაბური აგრარული პროფილის კოლეჯი ამოქმედდება.

მოეწყობა თანამედროვე სასწავლო ბაზები, დაინერგება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი ცოდნის გავრცელების მექანიზმები.

დაწესებულება 2016 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის დაქვემდებარებაშია. სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მომზადდა დიდი ჯიხაიშის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა, რომელიც პირველ ეტაპზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სასწავლო კორპუსის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს.