სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის დაარსებულ ისტორიულ სასწავლო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ, ჯიხაიშში დასავლეთ საქართველოში ყველაზე მასშტაბური აგრარული პროფილის კოლეჯი ამოქმედდება.
მოეწყობა თანამედროვე სასწავლო ბაზები, დაინერგება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი ცოდნის გავრცელების მექანიზმები.
დაწესებულება 2016 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის დაქვემდებარებაშია. სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მომზადდა დიდი ჯიხაიშის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა, რომელიც პირველ ეტაპზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სასწავლო კორპუსის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს.