Home Blog გვერდი 10

მესტიის მუნიციპალიტეტს, ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა

0

მესტიის მუნიციპალიტეტს, ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა.

ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით, ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი.

ჯანდაცვის სამინისტრომ 2023 წლის ივლისში, ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 120 ერთეული სასწრაფო დახმარების მანქანა, მათ შორის, 15 ერთეული რეანიმობილი შეიძინა, რომელთა გადაცემაც გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ეტაპობრივად დაიწყო.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებისა და გადაუდებელ შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების მიზნით, ავტოპარკის განახლება მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

რიკოთის 27კმ-იანი გზის მონაკვეთი გაიხსნა

რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა.

ხევი-შორაპნის 4 ზოლიანი, 27 კმ-იანი მონაკვეთი 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს.

ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით შეამცირებს. ის დააკავშირებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მაგისტრალის მონაკვეთებს.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი. დღეისათვის, 48 გვირაბი უკვე გაჭრილია, 83 ხიდი კი, უკვე აშენებული. სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება და პროექტი 2024 წელს დასრულდება.

რიკოთის გვირაბი

ირაკლი ღარიბაშვილი – მასწავლებლების ხელფასები 500 ლარით და მეტით გაიზრდება

მასწავლებლობა, ჩემო ძვირფასო პედაგოგებო, კარგად ვიცით, რომ ოდითგანვე გამორჩეული, საპატიო და როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა – ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ღირსეული, განათლებული თაობა, ეს არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერის საწინდარი, მთავარი ფუნდამენტი, საძირკველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ საძირკვლის სიმყარეში და სიმტკიცეში, რა თქმა უნდა, მასწავლებლებს განუზომლად დიდი როლი აკისრიათ.

„მე კარგად ვიცი, თუ რაოდენ დიდ შრომას ეწევით თქვენ, მასწავლებლები, ყოველდღიურად, ზრუნავთ ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების განათლებაზე, მათ აღზრდაზე, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს ქმნის.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი საყვარელი მასწავლებელი და მასწავლებლები, ანუ ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენს ცნობიერებაზე, მსოფლმხედველობაზე, აზროვნებაზე დიდი როლი იქონიეს და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს, გვასწავლეს, ზოგადად, აზროვნება, გვასწავლეს ყველაფერი, ის, რაც მხოლოდ წიგნებით არ ისწავლება.

ამიტომ ჩვენ, მთავრობას, კარგად გვაქვს გააზრებული ეს დიდი ღვაწლი, რომელსაც თქვენ ეწევით. მიმაჩნია, რომ თქვენი პროფესიის პრესტიჟის ამაღლების კუთხით ჩვენ, მთავრობამ მეტი უნდა გავაკეთოთ. ამ მიზნით, ჩვენი მინისტრი და მთლიანად ჩვენი მთავრობა ვმუშაობთ. ახლა კიდევ უფრო მეტად, ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა. გავაგრძელებთ ზრუნვას პედაგოგებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად და მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, აქედან, 160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას, რომელიც, სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. დღესვე განსაკუთრებულად ღვაწლმოსილ მასწავლებლებს მთავრობის გადაწყვეტილებით 10 000 ლარიანი პრემიები გადაეცათ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ორი ახალი, მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ორი ახალი, მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა.

თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული სასწრაფო დახმარების მანქანით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა.

ჯანდაცვის სამინისტრომ 2023 წლის ივლისში, ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 120 ერთეული სასწრაფო დახმარების მანქანა, მათ შორის, 15 ერთეული რეანიმობილი შეიძინა, რომელთა გადაცემაც გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ეტაპობრივად დაიწყო.

გორის №11 საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო

გორის №11 საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო.

გორის მე-11 საჯარო სკოლის ახალი შენობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე, 1 მილიარდი ლარის  ღირებულების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის ფარგლებში შენდება.

11 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტით ახალი სკოლის სამსართულიანი შენობა  გათვლილია 650 მოსწავლეზე; სასწავლო სივრცეების პარალელურად სკოლაში იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები; მოეწყობა გათბობა / ვენტილაციის და სახანძრო უსაფრთხოების  სისტემები.

სკოლა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მოსწავლეებზე: მოეწყობა  ლიფტი, ადაპტირებული სველი წერტილები და პანდუსები; მოსწავლეთა სოციალური ადაპტაციისთვის ეზოში იფუნქციონირებს რეკრეაციული სივრცეები.

სამუშაოები საქართველოში მოქმედი უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვით, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით მიმდინარეობს.

მშენებლობის დასრულების შემდეგ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სკოლა აღიჭურვება თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, სასკოლო და საოფისე ავეჯითა და ინვენტარით.

შედეგად, 2025 წლიდან, გორის მე-11 საჯარო სკოლა ფუნქციონირებას  სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაში გააგრძელებს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პოლიციის ახლადშექმნილი დეპარტამენტისთვის ახალი შენობა გაიხსნა

0

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პოლიციის ახლადშექმნილი დეპარტამენტისთვის ახალი შენობა გაიხსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შექმნის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ საპოლიციო საქმიანობის, დანაშაულის პრევენციის, რეგიონში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელება და მოქალაქეებისთვის საპოლიციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შექმნის შედეგად რეგიონს 130-მდე საშტატო ერთეული დაემატება. ადგილზე დასაქმებული სამართალდამცველები 4 მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს მოემსახურებიან.
პოლიციის ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და უახლესი ინვენტარით არის აღჭურვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლებაა, რომლის ფარგლებში, პოლიციელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და მოქალაქეებისთვის ეფექტიანი საპოლიციო მომსახურების მიზნით, საქართველოს მასშტაბით, ბოლო წლებში, პოლიციის არაერთი ახალი შენობა გაიხსნა.

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ გვექნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი

0
Aerial view of cargo ship and cargo container in harbor.

ჩვენ ვავითარებთ ახალ პორტს ანაკლიაში, ეს არის ღრმაწყლოვანი პორტი და ეს არის პრიორიტეტი ჩვენთვის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის აბრეშუმის ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკოსისტემაც არსებობდეს. ასევე, ეს, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, უკვე შთამბეჭდავი არის ეს ყველაფერი და ჩვენი ქვეყნის პოზიცია უკვე სხვადასხვა ინდექსებით გამყარებულია, როგორიც არის მაგალითად ბიზნესის კეთების სიმარტივე, მმართველობა ან კანონის უზენაესობა.

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ როგორც რეგიონული ცენტრის პოზიციის ქვეყანა, ჩვენი მიზანი არის, რომ განვახორციელოთ ფართომაშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენ ვავითარებთ ახალ პორტს ანაკლიაში, ეს არის ღრმაწყლოვანი პორტი და ეს არის პრიორიტეტი ჩვენთვის. ჩვენი, როგორც საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობისთვის და ეს მწვანე ველი თუ მწვანე სფერო ნამდვილად უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ღრმაწყლოვანი პორტი გვექნება, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იქნება განთავსებული. ნამდვილად, ეს იქნება შესაძლებლობა იმის, რომ ყოველწლიურად 100 მლნ ტონის გადაზიდვა მოხდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი – თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება

თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, რომელიც იქნება მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრი, ეს განამტკიცებს საქართველოს სტატუსს, როგორც გლობალურ ავიაციაში გამოჩენილ მოთამაშეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნისას განაცხადა.

„თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, რომელიც იქნება მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრი, ეს განამტკიცებს საქართველოს სტატუსს, როგორც გლობალურ ავიაციაში გამოჩენილ მოთამაშეს. ვაღიარებთ, რომ დიდი გამოწვევები არსებობს ენერგიაზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე გლობალურად მიმდინარეობს კლიმატის ცვლილება. ჩვენ ვახორციელებთ ძალისხმევას და ვდებთ რესურსებს განახლებად ენერგიაში, ჰიდროენერგეტიკაში“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინიციატივები წამოიწყო, მათ შორის არის რკინიგზის მოდერნიზების ამბიციური პროექტი.

„2024 წლის ბოლომდე იგეგმება მისი დასრულება. ნამდვილად გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა. საქართველო იქნება რეგიონში ჰაბი, მთავრობა ნამდვილად ახორციელებს ინვესტიციას აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალში, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი დასრულდება 2024 წელს“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა განმარტა, ყველა ტრანსფორმაციული პროექტი დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.

„ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ ინვესტორები, ინოვაციური ელექტროსადგურების დასაარსებლად, რათა უფრო მეტად გამოვიყენოთ საქართველოს მწვანე ენერგიის პოტენციალი. ყველა ეს ტრანსფორმაციული პროექტი დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის, ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს, ჩვენ ხალხს და რეგიონს კეთილდღეობას მოუტანს“,- აღნიშნა პრემიერმა.

ქუთაისის №14 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისის №14 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

ძველ სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება.

350 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა.

სარეაბილიტაციო სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები.

პროექტის განხორციელების შედეგად, ბავშვები უკვე გამართული და კეთილმოწყობილი სასკოლო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვითვის. 

 

საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 21.7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 21.7 კმ-იანი მონაკვეთის (კმ84-კმ107) სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ამასთან, გრძელდება 16 სხვადასხვა მონაკვეთზე დამეწყრილი უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

რეაბილიტირებული მონაკვეთი ჭიათურის მუნიციპალიტეტში იწყება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სრულდება. გარდა იმისა, რომ განახლებული გზა ერთმანეთთან აკავშირებს ჭიათურასა და ზესტაფონს, ეს გზა არის 3 მუნიციპალიტეტისა და გზის მიმდებარე სოფლების რეგიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი მიმართულებაც.

ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე გზის საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული. მრავლად იყო მეწყრული ადგილები, რაც ართულებდა ავტოტრანსპორტის გადაადგილებას.

პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა გზის სავალი ნაწილი, მოეწყო ახალი წყალარინების სისტემა, გზის საყრდენი კედლები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, მოეწყო ახალი საგზაო ნიშნები, თვალამრიდები და დასრულდა გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.

პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 19,7 მილიონი ლარი შეადგინა. დამეწყრილი უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 30.3 მილიონი ლარია.