გორის №11 საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო.
გორის მე-11 საჯარო სკოლის ახალი შენობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე, 1 მილიარდი ლარის ღირებულების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის ფარგლებში შენდება.
11 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტით ახალი სკოლის სამსართულიანი შენობა გათვლილია 650 მოსწავლეზე; სასწავლო სივრცეების პარალელურად სკოლაში იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები; მოეწყობა გათბობა / ვენტილაციის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები.
სკოლა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მოსწავლეებზე: მოეწყობა ლიფტი, ადაპტირებული სველი წერტილები და პანდუსები; მოსწავლეთა სოციალური ადაპტაციისთვის ეზოში იფუნქციონირებს რეკრეაციული სივრცეები.
სამუშაოები საქართველოში მოქმედი უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვით, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით მიმდინარეობს.
მშენებლობის დასრულების შემდეგ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სკოლა აღიჭურვება თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, სასკოლო და საოფისე ავეჯითა და ინვენტარით.
შედეგად, 2025 წლიდან, გორის მე-11 საჯარო სკოლა ფუნქციონირებას სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაში გააგრძელებს.