თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, რომელიც იქნება მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრი, ეს განამტკიცებს საქართველოს სტატუსს, როგორც გლობალურ ავიაციაში გამოჩენილ მოთამაშეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნისას განაცხადა.
„თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, რომელიც იქნება მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრი, ეს განამტკიცებს საქართველოს სტატუსს, როგორც გლობალურ ავიაციაში გამოჩენილ მოთამაშეს. ვაღიარებთ, რომ დიდი გამოწვევები არსებობს ენერგიაზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე გლობალურად მიმდინარეობს კლიმატის ცვლილება. ჩვენ ვახორციელებთ ძალისხმევას და ვდებთ რესურსებს განახლებად ენერგიაში, ჰიდროენერგეტიკაში“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინიციატივები წამოიწყო, მათ შორის არის რკინიგზის მოდერნიზების ამბიციური პროექტი.
„2024 წლის ბოლომდე იგეგმება მისი დასრულება. ნამდვილად გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა. საქართველო იქნება რეგიონში ჰაბი, მთავრობა ნამდვილად ახორციელებს ინვესტიციას აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალში, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი დასრულდება 2024 წელს“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა განმარტა, ყველა ტრანსფორმაციული პროექტი დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.
„ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ ინვესტორები, ინოვაციური ელექტროსადგურების დასაარსებლად, რათა უფრო მეტად გამოვიყენოთ საქართველოს მწვანე ენერგიის პოტენციალი. ყველა ეს ტრანსფორმაციული პროექტი დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის, ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს, ჩვენ ხალხს და რეგიონს კეთილდღეობას მოუტანს“,- აღნიშნა პრემიერმა.