მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდული, ISUZU-ს მარკის 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსიდან და Ford-ის მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსიდან ნაწილი უკვე თბილისშია. 35 ახალი ავტობუსი თბილისის მოსახლეობას 23 სექტემბრიდან მოემსახურება.
ISUZU-ს მარკის ავტობუსები დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტისაა. გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი ავტობუსში ეტლით ასვლის უზრუნველსაყოფად.
ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემები, გააჩნია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის, საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები და usb-დამტენები. ავტობუსების პროექტის საერთო ღირებულებაა 21 289 768 ევრო.
23 სექტემბრიდან ახალი ავტობუსების პირველი ნაკადით ჩანაცვლდება №67 და №101 ხაზის ავტობუსები, ხოლო №7, №42 და №60 ხაზზე გაიზრდება მათი რაოდენობა და მოლოდინის რეჟიმი 15 წუთამდე შემცირდება.