ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ვაკისჯვარში, ბახვსა და ცრემლისხიდში წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. აღნიშნულ სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. პროექტების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 16 მილიონი ლარია.
მიმდინარე პროექტების ნაწილი წელს ზაფხულში დამთავრდება, ხოლო დანარჩენი პროექტირების სტადიაშია.
დღეს არსებული მდგომარეობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია. არსებული სატუმბო სადგური და რეზერვუარი არ ფუნქციონირებს. გამომდინარე აქედან, მოსახლეობა სასმელ წყალს ინდივიდუალური ჭებისა და მცირე წყაროების მეშვეობით იღებს.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობას, შეიცვლება სათავიდან რეზერვუარამდე მიმავალი მილი და სრულად განახლდება შიდა ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალშემკრებ ავზებს, გამრიცხველიანდება მოსახლეობა, მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგები.