შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინაციითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, მაღალი გამავლობის 30 ავტომანქანა გადაეცა.
3.3 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების სატრანსპორტო საშუალებები საზღვარზე დანაშაულის პრევენციის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, ასევე, ხელს შეუწყობს სასაზღვრო ინციდენტებზე დროულ და ეფექტიან რეაგირებას.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ სატრანსპორტო საშუალებების განახლება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, პროექტის – „ევროკავშირი უსაფრთხოებისათვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE) საზღვრის ინტეგრირებული მართვის“ – ფარგლებში განახორციელა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, სასაზღვრო პოლიციას მაღალი გამავლობის 40 ავტომანქანა და საკომუნიკაციო საშუალებები გადაეცა.