თბილისს კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე N101-ე საბავშვო ბაღი გაიხსნა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ათჯგუფიანია და 300 ბავშვზეა გათვლილი. შენობა აკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილ საჭირო ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტს – ადაპტირებულია შშმ პირთათვის, დაცულია სახანძრო უსაფრთხოება და უზრუნველყოფილია ვიდეოკონტროლი. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო სათამაშო მოედნებითა და ატრაქციონებით.
აღსაზრდელები N101 საბავშვო ბაღში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ Covid-19-ის გავრცელების პრევენციისთვის განსაზღვრული რეგულაციების სრული დაცვით მიიღეს. სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან დღემდე თბილისში 15-ზე მეტი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდა, კიდევ 5 ბაღი მშენებარეა.