დუშეთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ოთხსართულიანი შენობის მშენებლობა. სართულების ვერტიკალურად დაკავშირება მოხდება როგორც კიბეებით, ასევე ლიფტით. შენობა ადაფტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
შენობის პირველ სართულზე განლაგდება მისაღები, ადმინისტრაციის ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, სასადილო, სამზარეულო, მწვრთნელისა და დაცვის ოთახები, სველი წერტილები, საქვაბე, სამრეცხაო. ძიუდოს დარბაზი მასთან დაკავშირებული სათავსოებით როგორიცაა გასახდელები, სველი წერტილები, საშხაპეები, საუნა, ტრენაჟორების ოთახი და საწყობი.
მეორე სართულზე განთავსდება კალათბურთის დარბაზი, ტრიბუნები, სასტუმროს ოთახები.
მესამე სართულზე მოეწყობა დამატებითი ტრიბუნები. უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის განკუთვნილი ადგილები და სასტუმროს ოთახები.
მეოთხე სართული დაეთმობა სასტუმროს ოთახებს და ტერასას. მთლიანობაში ტრიბუნები გათვლილი იქნება 293 მაყურებელზე. ხოლო, 15 სასტუმრო ოთახი, რომელიც განთავსდება II, III და IV სართულზე, თავისუფლად შეძლებს მოემსახუროს 30 სპორტსმენს. შენობის ფასადი მოპირკეთდება ეკოლოგიურად სუფთა და სერთიფიცირებული მასალების გამოყენებით.