მსოფლიოში არსებული პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა ფარგლებშიც, 2021 წელს პირველი იუსტიციის სახლი გარდაბანში გაიხსნება.
იუსტიციის სახლის გარდაბნის ფილიალის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია და მომხმარებლის მიღებას ის უკვე მიმდინარე წლის გაზაფხულიდან შეძლებს. საქართველოს მასშტაბით სერვისების ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული არეალის გაფართოება და სამუშაო ადგილების შექმნა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების დაძლევის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
გარდაბნის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდება და ნებისმიერ წყვილს ექნება საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს დახვეწილი დიზაინის მქონე ქორწინების სახლში, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ.
გარდაბნის ფილიალი მეოთხე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ რეგიონში, კერძოდ, ქალაქებში – რუსთავში, მარნეულსა და ბოლნისში – უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის ფილიალები.
შენობის ფართი 1 000-მდე კვადრატული მეტრია. მისი მშენებლობა 2019 წლის 25 ოქტომბერს დაიწყო. ფილიალში 17 პირი დასაქმდება.
იუსტიციის სახლები შენდება, ასევე, წყალტუბოში, ხაშურსა და სამტრედიაში.