საბავშვო ქალაქ „მზიურში“ მდებარე ყოფილი საბაგიროს შენობა თანამედროვე ხელოვნების სივრცედ გარდაიქმნება. რეაბილიტაციის ფარგლებში, შენობა იერსახეს შეინარჩუნებს და ფუნქციურადაც ათვისებული იქნება. საბაგიროს შენობაში თანამედროვე ხელოვნების გალერეა მოეწყობა.
პროექტის ავტორია „კუბი კონტექსტი“. შენობის რეაბილიტაციას და სხვა სამუშაოებს თბილისის მერია ახორციელებს. პროექტის მიზანია, ურბანულ სივრცეში შექმნილი მულტიმედიური პლატფორმის მეშვეობით თანამედროვე ხელოვნების საზოგადოებრივ სივრცეში ინტეგრირება და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის კულტურული დიალოგის წარმართვა, საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და ხელშეწყობა, თანამედროვე ხელოვნების სფეროში მოღვაწე არტისტებისა და მკვლევრებისთვის სამუშაო გარემოს შექმნა.