სოფელ დარჩელში 90 ბავშვზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დასრულდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ 1.7 მილიონი ლარით დაფინანსდა.

90 ბავშვზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. საკლასო ოთახების გარდა კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას, რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს კი 100 სკოლაში ახორციელებს.

2020 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაასრულა 20 ახალი სკოლის მშენებლობა 1530 მოსწავლისთვის. 2021 წელს კი, დამატებით, დასრულდება კიდევ 41 სკოლის მშენებლობა 7020 ბავშვისთვის. ასევე, 2021-2022 წლებში ეტაპობრივად დასრულდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელთა შედეგად 16 ათასი მოსწავლე სრულად განახლებულ სკოლაში ისწავლის.

საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორი ორგანიზაციები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

Previous articleრიკოთის გზაზე ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დაიწყო
Next article„მზიურში“ მდებარე ყოფილ საბაგიროს შენობას რეაბილიტაცია უტარდება