რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტობანის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, არსებული გვირაბის პარალელურად, ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დაიწყო, რომლის სიგრძე 1800 მეტრი იქნება, საიდანაც ამჟამად დაახლოებით 200 მეტრია გაჭრილია.
ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე. რაც შეეხება შორაპანი-არგვეთას მონაკვეთს, აქ სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. საერთო ჯამში, ამ დროისათვის რიკოთის საუღელტეხილო გზაზე უკვე გაჭრილია ექვსი გვირაბი. ბოლო გვირაბი სოფელ შროშასთან სულ ახლახან გაიჭრა და მისი სიგრძე 885 მეტრია. სამშენებლო სამუშაოები სულ 39 გვირაბსა და 61 ხიდზე მიმდინარეობს.
რიკოთის საუღელტეხილო გზა, E 60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია. მისი მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებასა და მგზავრობის დროის შემცირებას.